სტატიის აბსტრაქტი

თავისუფლება და თანასწორობა სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენი კონსტიტუციური პრინციპებია. ნაშრომში განხილულია სამოქალაქო სამართალწარმოება დისკრიმინაციის დავებში, მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებანი, ამ კატეგორიის დავებში დისკრიმინაციის მსხვერპლის მიერ მტკიცებულებათა მოპოვების სირთულეები, ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა, სახალხო დამცველის როლი დისკრიმინაციის დავის განხილვისას, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენა სახალხო დამცველის მიერ, მისი დასაშვებობის დადებითი მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში და მნიშვნელობა.

საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონმდებლობით სწორედ მხარეებმა უნდა დაამტკიცონ გარემოებანი, რომელსაც ეფუძნება მათი მოთხოვნები და შესაგებელი დისკრიმინაციის დასამტკიცებლად ან გასაქარწყლებლად წარუდგინონ სასამართლოს მტკიცებულებები. შესაბამისად, მტკიცების ტვირთის განაწილებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დისკრიმინაციის დავებში, როგორც საპროცესო აგრეთვე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. მტკიცების ტვირთის გადანაწილების შემდგომ, თუ მხარე ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულებათა წარდგენას ან არაჯეროვნად განახორციელებს მტკიცების ტვირთის მოვალეობას, ცხადია მოჰყვება მისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

დისკრიმინაციის დავების შესწავლისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, შშმ პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და საპროცესო თანასწორობის საკითხის შესწავლა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში - შშმ პირთა) უფლებების დაცვის მიზნით. შესაბამისად, კვლევაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო შშმ პირთა წარმომადგენლობას სასამართლოში, კერძოდ, მათი უფლებების დასაცავად აუცილებელი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით რწმუნებულების დამოწმება, რაც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე შშმ პირის შემთხვევაში ვერ სრულდებოდა. რადგან ფსიქოსოციალური საჭიროების პირის მიერ ვერ ხერხდებოდა ნების სრულყოფილად გამოხატვა. სწორედ ამ მიზნით, კანონმდებელმა შემოგვთავაზა სიახლე, გაჩნდა ახალი საპროცესო სუბიექტი - სპეციალური მოსარჩელე. საკითხის ამგვარმა მოწესრიგებამ გაამარტივა დისკრიმინაციის დავებზე შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მონაწილეობა სამოქალაქო პროცესში, შშმ პირთა საპროცესო უფლებების სრულყოფილად დაცვის მიზნით. კვლევის ფარგლებში შემოთავაზებულია მსჯელობა აღნიშნული ნორმების სხვა მოწყვლადი ჯგუფების დავებში გავრცელების შესახებ, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას მოწყვლადი ჯგუფებისთვის (ხარიტონაშვილი, 2024). საგულისხმოა, რომ 2025 წლის მდგომარეობით, სპეციალური მოსარჩელის რეესტრში რეგისტრირებულია მხოლოდ 3 ორგანიზაცია. მაშინ როდესაც მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციების პროცესში მონაწილეობა მათი გამოცდილების გათვალისწინებით. ამ მიზნით, აუცილებელია კონკრეტული სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლება, რაც გაზრდის შშმ პირთა მიერ დისკრიმინაციის დავებში სპეციალური მოსარჩელის მქონე ორგანიზაციების მონაწილეობის წილს და გააუმჯობესებს დისკრიმინაციის მსხვერპლთა დაცვის ხარისხს.

დისკრიმინაციის დავებში მტკიცებულებათა განაწილების და მტკიცებულებათა მოპოვების სირთულისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, კვლევა მნიშვნელოვნად მოითხოვდა საერთო და კონტინენტური სამართლის სისტემათა შედარებას, რაც განხორციელდა სასამართლო პრაქტიკისა და დოქტრინით დადგენილი მომწესრიგებელი ნორმების ანალიზის და საპროცესო ნორმების შედარებით ევროკავშირის დირექტივებთან. შეფასდა აგრეთვე, რელიგური სამართლის სისტემით გათვალისწინებული ანტიდისკირიმინაციული კანონმდებლობა და დისკრიმინაციის მარეგულირებელი ნორმები. აღსანიშნავია, რომ ისლამური სამართალი იცნობს შრომით ურთიერთობებში სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებს, დისკრიმინაციის აკრძალვას, მაგრამ საზღვარგარეთის ქვეყნებთან შედარებით დისკრიმინაციის დავებზე შექმნილი სასამართლო პრაქტიკა მწირია.

სამართლის სისტემათა შესწავლით, ნაშრომში წარმოდგენილია მსჯელობა, დისკრიმინაციის დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების, მტკიცებულებათა მოპოვების შესახებ ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით.

საკვანძო სიტყვები: დისკრიმინაციის დავები, პროცესუალური თანასწორობა, მოწყვლადი ჯგუფებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, სპეციალური მოსარჩელე, მტკიცებითი სამართალი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/PHCW7419