ექსტრემალური მენეჯმენტის როლი საქართველოს საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში

ავტორი : მარიამ კვარაცხელია 31/07/2025

სტატიის აბსტრაქტი

სტატია შესრულებულია თემაზე: ექსტრემალური მენეჯმენტის როლი საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში. სტატია შედგება ოთხი თავის და გამოყენებული ლიტერატურისგან. სტატიის თემის აქტუალობას ის გარემოება განაპირობებს, რომ თანამედროვე პერიოდში ინოვაციური ეპოქა გლობალურ დონეზე კონკურენტული გარემოს შექმნის ახალ პირობებს აყენებს, რაც მომავლის მართვას და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს. სტატიის თემის აქტუალობას ის გარემოებაც განაპირობებს, რომ თანამედროვე პირობებში მნიშვნელოვანია კრეატიული მენეჯმენტის გამოყენება, რომელსაც სამი ძირითადი მიმართულება აქვს: ექსტრემალური, ენტროპიული და სინერგეტიკული მენეჯმენტი. ყურადღებას შევაჩერებთ ექსტრემალურ მენეჯმენტზე და მის როლზე საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში. სტატიის პირველ თავში, შესავალში გადმოცემულია თემის აქტუალობა, კვლევის მიზანი, ობიექტი, მეთოდოლოგიური საფუძველი და სიახლე. დადგენილია, რომ ექსტრემალური მენეჯმენტი მართვის მოქნილი მოდელია კომერციული ბანკისთვის, რომლის განვითარებისთვის დამახასიათებელია ცვლილებები და განუსაზღვრელობა. სტატიის მეორე თავში განხილულია საბანკო სექტორის ექსტრემალური მენეჯმენტის საფუძვლები. შესწავლილია საბანკო სექტორის ექსტრემალური მენეჯმენტის თავისებურებები და პრინციპები. დადგენილია, რომ თანამედროვე პირობებში კომერციული ბანკების ფუნქციონირებისას შიდა და გარე გარემოს ცვლილებით გამოწვეული ახალი პრობლემები და ამოცანები წარმოიქმნება. ამ ამოცანების გადაჭრა ისეთი მიდგომების ძიებასთანაა დაკავშირებული, რომელიც მართვაში კრეატიული მენეჯმენტის აქტიურ გამოყენებას განაპირობებს. საბანკო სექტორის ექსტრემალური მენეჯმენტი მართვის შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: ცენტრულობის პრინციპი; საბანკო სექტორის შემოქმედებითი ატმოსფეროს პრინციპი; საბანკო სექტორის ქარიზმატულობის პრინციპი; საბანკო სექტორის გაცნობიერებული რისკის პრინციპი; საბანკო სექტორის თავისუფლების და იმპროვიზაციის პრინციპი. სტატიის მესამე თავში განხილულია ექსტრემალური მენეჯმენტის როლი კომერციული ბანკების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში. შესწავლილია კომერციული ბანკების კონკურენტუნარიანობის მართვა და ექსტრემალური მენეჯმენტი. დადგენილია, რომ საბანკო ბიზნესის მასშტაბი კონკურენციის დინამიკის ცვლილებასთანაა დაკავშირებული და ბანკის ფინანსურ მდგომარეობას ასახავს. კომერციული ბანკის მენეჯმენტმა კონკურენციის გონივრული მართვისთვის კონკრეტულად უნდა იცოდეს რა სახის კონკურენციასთანაა დაკავშირებული და ობიექტურად შეფასდეს რა დონის კონკურენციისთვისაა მზად.

სტატიის მეოთხე თავში, დასკვნაში გადმოცემულია კვლევის შედეგები. დადგენილია, რომ საბანკო სექტორის ექსტრემალური სიტუაციების გადაწყვეტილების მიღების და რეალიზების წარუმატებლობის მთავარი მიზეზებია: ეფექტიანი ექსტრემალური მენეჯერების არყოფნა ექსტრემალური გარღვევის ჯგუფში; მმართველობითი გუნდის მხოლოდ ტექნოლოგიურ-ტექნიკურ დეტალებზე ყურადღების კონცენტრაცია; მმართველი გუნდის მონაწილეების კომუნიკაციური უნარების დაბალი დონე; ხელმძღვანელების წინაშე მმართველი გუნდის მონაწილეების მეტისმეტი მოწიწება, მმართველი გუნდის მონაწილეებს შორის ნდობის არარსებობა.

საკვანძო სიტყვები: ექსტრემალური, ენტროპიული და სინერგეტიკული მენეჯმენტი, საბანკო სექტორი, კომერციული ბანკების კონკურენტუნარიანობა.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/VOXT9121

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი