თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეები და დემოკრატიის გამოწვევები მედიის კონტექსტში

ავტორი : მაკა არახამია 27/06/2025

სტატიის აბსტრაქტი

დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხები ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია. ტექნოლოგიების განვითარებისა და ციფრული რევოლუციის კვალდაკვალ თავად უსაფრთხოების კონცეფციის გააზრებამაც მოდერნიზება განიცადა. იმ დინამიურმა ცვლილებებმა, რაც თანამედროვე სამყაროში მიმდინარეობს, გვაჩვენა, რომ უსაფრთხო გარემოს ცნება ჩვენს რეალობაში სწრაფად მოძველებადი გახდა. ჰიბრიდული საფრთხეები და, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელება მთავარი გამოწვევა გახდა დემოკრატიებისთვის და ლიბერალურ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის. ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი ევოლუციის პირობებში დეზინფორმაცია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არჩევნებზე ზემოქმედებისა და საზოგადოებების დესტაბილიზაციის ძირითადი ინსტრუმენტი გახდა. სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები იყენებენ სოციალური მედიის პლატფორმებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რაც ამძაფრებს საზოგადოებებში, ასევე სახელმწიფოებს შორის განხეთქილებას. მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაცია არ არის ახალი ფენომენი, ციფრულ ეპოქაში მისი გავრცელების მასშტაბები და სიჩქარე მას მეტად ქმედუნარიანს და ძნელად დასამარცხებელს ხდის.

სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ გამოყენებული ჰიბრიდული სტრატეგიების ანალიზი აჩვენებს, რომ კონტროლირებად ნარატივებს შეუძლიათ სტრატეგიული უპირატესობების უზრუნველყოფა სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე. რადგანაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ჰიბრიდული მეთოდები სულ უფრო სრულყოფილი ხდება, დემოკრატიულმა ქვეყნებმა უნდა აღიარონ საფრთხის სერიოზულობა და მიიღონ ზომები საკუთარი ინსტიტუტების დასაცავად. კოორდინირებული ძალისხმევის გარეშე ინფორმაციის იარაღად გამოყენება და სხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტები კიდევ უფრო დაასუსტებს ნდობას დემოკრატიულ საზოგადოებებში და გაზრდის დესტაბილიზაციის რისკებს ავტორიტარული მმართველობების სასარგებლოდ.

სტატიაში მიმოხილულია თანამედროვე საფრთხეები, რომლებიც ჰიბრიდულ თვისებებს ატარებენ და გავლენას ახდენენ როგორც საერთაშორისო, ასევე ცალკეული ქვეყნებისა დასაზოგადოებების უსაფრთხოებაზე. გაანალიზებულია, რა არის ჰიბრიდულობა, როგორია ჰიბრიდული ქმედებების მახასიათებლები, რა საფრთხეებს შეიცავს ისინი და რამდენად ახდენს გავლენას თანამედროვე საზოგადოებებზე. ნაშრომში საუბარია ჰიბრიდული საფრთხეების პირობებში დემოკრატიის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

ნაშრომის მიზანია ახალი საფრთხეების იდენტიფიცირება და ანალიზი თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკური სიტუაციის კონტექსტში, განსაკუთრებით საინფორმაციო და მედია სივრცის თვალსაზრისით. ეს საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ ეროვნული უსაფრთხოების მომავალი გამოწვევები გლობალური და რეგიონული მასშტაბით.

საკვანძო სიტყვები: ჰიბრიდული საფრთხეები, ჰიბრიდული ომი, საინფორმაციო ომი, საერთაშორისო უსაფრთხოება, გლობალიზაცია, რუსეთი, ჩინეთი, დეზინფორმაცია, დემოკრატია, კიბერუსაფრთოება, საინფორმაციო კრიზისი, მედია, რელატივიზმი.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/LLQW7040

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი