საქართველოში შრომითი დისკრიმინაციის სფეროში განხორციელებული რეფორმის ანალიზი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალებულებების ჭრილში
ავტორი : ნათია კილაძე 27/06/2025
სტატიის აბსტრაქტი
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შრომის კანონმდებლობამ არაერთი ცვლილება განიცადა, რაც გამოწვეული იყო კანონმდებლის განსხვავებული პოლიტიკით შრომით სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ, აგრეთვე რელევანტური საერთაშორისო ვალდებულებებით. პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებები საკანონმდებლო ცვლილებების წახალისების ერთგვარი საფუძველი ხდებოდა.
2005-2006 წლებში შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ეს ორგანული კანონი ორიენტირებული ხდება დამსაქმებლისთვის მეტი უფლებების და თავისუფლების მინიჭებაზე. სწორედ ამ პერიოდში ხდება შრომის ინსპექციის საზედამხედველო სისტემისა და სხვა ზედამხედველობითი და ადმინისტრირების ინსტიტუტების გაუქმება, რაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ძალთა დისბალანსის დაკანონების ერთგვარი საფუძველი იყო და ამგვარი არაბალანსირებული დამოკიდებულება წლების განმავლობაში ვლინდებოდა შრომით ურთიერთობებში.
იმ პერიოდის საქართველოში ეს შრომის კოდექსი ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ კანონმდებლობად მიიჩნეოდა და ვინაიდან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება მხარეთა შორის თავისუფალი შეთანხმების საფუძველზე რეგულირდებოდა და არ არსებობდა სახელმწიფო მაკონტროლებელი და საზედამხედველო ინსტიტუტები, სახელმწიფოს თითქმის აღარ ეკისრებოდა შრომითი ურთიერთობის რეგულირებისა და ზედამხედველობითი ფუნქცია.
შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმა შრომის კოდექსმა განიცადა 2013 წელს, ახლებურად ჩამოყალიბდა შრომის სამართლის არაერთი პრინციპი და ცნება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული არათანაბარი სამართლებრივი გარემოსა და შესაძლებლობების დაბალანსებას.
2014 წლის ივლისიდან, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯით შრომის კანონმდებლობა პერიოდულად განიცდიდა ცვლილებებს, რაც მაქსიმალურად ითვალისწინებდა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებას და ქართული შრომის სამართლის ნორმების ევროპულ რეგულაციებთან ჰარმონიზაციას.
უკანასკნელი ძირეული რეფორმა შრომის კოდექსში დისკრიმინაციის აკრძალვის მხრივ განხორციელდა 2020 წლის სექტემბერში, რაც პირდაპირ ნაკარნახევია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებით. წინამდებარე ნაშრომი დაეთმობა სწორედ აღნიშნული რეფორმის ანალიზს შესაბამის დირექტივებთან შედარებით სამართლებრივ ჭრილში.
სტატიის დაწერისას ვიხელმძღვანელე კვლევის შემდეგი მეთოდოლოგიით: ისტორიული კვლევით, შედარებითი ანალიზის მეთოდით, დიალექტიკური მეთოდითა და ემპირიული მეთოდით.
საკვანძო სიტყვები: დისკრიმინაცია, ასოცირების ხელშეკრულება, უფლების დაცვა, დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლები.
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/INGT8969