საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის და მსოფლიო წესრიგის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორები და მათი ასახვა თანამედროვე რეალობაზე

ავტორი : ნიკა ჩიტაძე 31/07/2025

სტატიის აბსტრაქტი

კვლევის მთავარი ამოცანაა საერთაშორისო სისტემის და მსოფლიო წესრიგის პრინციპების განსაზღვრა და იმის დეტალური ანალიზი, თუ რა წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას და მსოფლიო წესრიგის ძირითად პრინციპებს, რომელი ძირითადი სისტემები არსებობს და რა ტიპის მსოფლიო წესრიგი არსებობდა მე-17 საუკუნის შუა პერიოდიდან თანამედროვე დრომდე. 

ნაშრომში წარმოდგენილია სხვადასხვა სისტემისა და მსოფლიო წესრიგის შედარებითი ანალიზი. კერძოდ, თუ რომელია ერთპოლუსიანი, ორპოლუსიანი და მრავალპოლუსიანი სამყაროს ძირითადი მახასიათებელები და რა განსხვავებები არსებობს მათ შორის. ასევე, მსოფლიო წესრიგის განხილვისას, რითი ხასიათდება ვესტფალიის, ვენის, ვერსალვაშინგტონის და იალტა - პოსტსდამის მსოფლიო წესრიგი და რომელ საერთაშორისო სისტემაზე და მსოფლიო წესრიგზე შეიძლება ვისაუბროთ თანამედროვე პერიოდში. შესაბამისად, ნაშრომში განხილულ იქნა საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე სისტემა და საერთაშორისო ურთიერთობების წამყვანი სპეციალისტების მოსაზრებები თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებთან მიმართებაში და ა.შ. 

თემაში ასევე განხილულია საკითხი, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური აქტორების მრავალფეროვნებას, კერძოდ, წარმოდგენილია დიდი, საშუალო და პატარა ქვეყნების დახასიათება და მათი როლი მსოფლიო პოლიტიკაში, ასევე სხვადასხვა ტრანსნაციონალური აქტორების ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში.

კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა 21-ე საუკუნეში არსებულ მსოფლიო პოლიტიკური მოწყობის შესაძლო მოდელებს, რომელთა შორის განხილულია  აშშ-ის მსოფლიო ჰეგემონიის მოდელი, რომელიც ეფუძნება აშშ-ის დომინირებას ეკონომიკურ, ფინანსურ, ტექნოლოგიურ, სამხედრო და კომერციულ სფეროებში. შემდეგ განხილულია მსოფლიოს ბიპოლარული მოდელი, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში აღნიშნული სტრუქტურის მიხედვით არსებობს გლობალური გავლენის ორი ცენტრი, სადაც ორ ლიდერ ქვეყანას და მათ მოკავშირეებს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი. რაც შეეხება მსოფლიოს მრავალპოლარული მოდელს, აღნიშნული მოდელი ძალთა ბალანსზეა დაფუძნებული.  

ძალზედ საინტერესოა პოლიცივილიზაციური მოდელის განხილვა. აღნიშნული მოდელის ძირითადი მახასიათებლების ანალიზი შვიდი ცივილიზაციის პარალელურ არსებობასთანაა დაკავშირებული. ეს ცივილიზაციებია - დასავლური, ლათინოამერიკული, ისლამური, სლავურ-მართლმადიდებლური, ჩინური (კონფუციანური), იაპონური (სინთოისტური), აფრიკული. როგორც ვხედავთ, 21-ე საუკუნის დასაწყისში გლობალური კონფლიქტები მოცემულ ცივილიზაციებს შორის დაპირისპირების ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთ მაგალითად შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომი მივიჩნიოთ, რომელიც არ გახლავთ მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ომი, არამედ მოცემულ შემთხვევაში რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირების გარდა არსებობს დაპირისპირება პირველ რიგში გლობალურ დასავლეთს და რუსეთს შორის, თუმცა რუსეთის მხარეს გარკვეულწილად ბრიქსის წევრი სახელმწიფოები გვევლინებიან, რომლებიც თავის მხარივ სხვადასხვა ცივილიზაციებს წარმოადგენენ, თუმცა ყველა მათგანის საერთო ინტერესს დასავლეთის ცივილიზაციასთან დაპირისპირება წარმოადგენს. 

ნაშრომის ბოლო ნაწილი თანამედროვე საერთაშორისო სისტემისა და მსოფლიო წესრიგის განხილვას ეძღვნება, სადაც ოთხპოლუსიანი მსოფლიოს არსებობის შესახებ მოსაზრებაა წარმოდგენილი. 

 

საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა, მსოფლიო წესრიგი, ერთპოლუსიანი სამყარო, ორპოლუსიანი სამყარო, მრავალპოლუსიანი სამყარო.

 

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/ZAWJ3075 

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი