პატიმრობის ვადების დაცვა და მათი გაგრძელების სამართლებრივი სტანდარტები

ავტორი : ნინო თაქთაქიშვილი 27/06/2025

სტატიის აბსტრაქტი 

პატიმრობის ვადების დაცვა და მათი გაგრძელების სამართლებრივი სტანდარტები წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. აღნიშნული საკითხის კვლევა მიზნად ისახავს პატიმრობის ვადების სამართლებრივი რეგულირების, პრაქტიკისა და შესაბამისობის შეფასებას, როგორც საქართველოს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) სტანდარტების ჭრილში.

პატიმრობა წარმოადგენს ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას, რომლის არამიზნობრივად გამოყენებას თან ახლავს ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის რისკი. ქართულ მართლმსაჯულებაში, ისევე როგორც საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს პატიმრობის ვადების განუსაზღვრელი გაგრძელება.

კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება დოკუმენტურ-თეორიულ ანალიზს და მოიცავს ქართულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას, ასევე ECHR-ის მიერ განვითარებულ სტანდარტებს. გამოყენებულია საერთაშორისო და ეროვნული აკადემიური ლიტერატურა და სასამართლო საქმეების ანალიზი.

მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ზოგადად ასახავს ECHR-ის მოთხოვნებს პატიმრობის ვადების განსაზღვრისა და გაგრძელების შესახებ, თუმცა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში ხშირია სტანდარტებისგან გადახვევები. განსაკუთრებით აღსანიშნავია პატიმრობის დაუსაბუთებელი გაგრძელების ტენდენცია და სხვა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების უგულებელყოფა, რაც ქმნის უფლებრივ და სისტემურ რისკებს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პატიმრობის ინსტიტუტი პრაქტიკულ დონეზე საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმას. რეკომენდირებულია ეროვნული სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებთან, განსაკუთრებით პატიმრობის ვადის გაგრძელების დასაბუთების, აუცილებლობის შეფასებისა და ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების თვალსაზრისით.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სასამართლო პრაქტიკაში ხშირია პატიმრობის ვადების დაუსაბუთებლად გაგრძელება, რაც არღვევს, როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსსტატია ასახავს დისბალანსს ნორმასა და პრაქტიკას შორის და გვთავაზობს რეკომენდაციებს მის აღმოსაფხვრელად.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, ჰარმონიზაცია, კონვენცია, იმპლემენტაცია, სისხლისსამართლებრივი დევნა.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/YHSP4821

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი