PDF-ის ჩამოტვირთვა
საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ანალიზი და სამომავლო პერსპექტივები
ირაკლი გაბელია, ქეთევან გრძელიძე
17/12/2023
თანამედროვე პერიოდში მომხდარი ძლიერი პოლიტიკური ძვრების მიუხედავად, ევროკავშირი კვლავაც ერთ-ერთ ძლიერ აქტორად ფიქსირდება საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, მისი პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. რუსეთ-უკრაინის 2022 წლის კონფლიქტის პარალელურად მიმდინარე პროცესებმა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური რყევები გამოიწვია კონტინენტზე. სანქციებმა, რომელიც ევროპული გაერთიანების მხრიდან დაუწესდა აგრესორ სახელმწიფოს, ასახვა ადგილობრივ დონეზეც ჰპოვა, რაც პირდაპირპროპორციულად ევროკავშირის ოფიციალურ ვალუტასაც შეეხო. შესაბამისად, გაჩნდა რეალური შიში და საფრთხე იმისა, რომ კვლავ 2008 წლის მსგავსად, რეცესიულმა მოვლენებმა იჩინოს თავი, რაც როგორც წევრ, ისე არაწევრ სახელმწიფოებზეც უდიდეს გავლენას მოახდენს. ამ ფონზე მნიშვნელოვანია სიღრმისეულად მიმოვიხილოთ ევროკავშირის ურთიერთობები და დამოკიდებულება საქართველოსა და ზოგადად რეგიონის სახელმწიფოებთან პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტებში. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ორმხრივ ანალიზი და განვითარების შესაძლო პერსპექტივები, რომელიც ასევე კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში თვისებრივი მეთოდებით, კერძოდ, case study-თა და შინაარსობრივი ანალიზით წარმოჩინდა რეგიონში არსებული სიტუაცია, რომლისთვისაც ჩატარდა სხვადასხვა ტიპის პირველადი და მეორეული წყაროების სიღრმისეული ანალიზი, აღნიშნულის საფუძველზე კი შემუშავდა დასკვნა, რაც სრულ შესაბამისობაშია ნაშრომის მიზანთან. კვლევა ალტერნატიული ხედვისა და პერსპექტივების განვითარების მიზნით ეყრდნობა ქართულ სამეცნიერო წიაღში შექმნილ თეორიას - კვანტურ-რელატივისტურ ნოოლოგიას, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო ხედვების ახლებურად დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს. კვლევის ფარგლებში სიღრმისეულად მიმოხილულია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, რომლის მნიშვნელოვან ასპექტს თავად ევროკავშირის ურთიერთობა და ამ ურთიერთობათა თანმიმდევრული ანალიზი წარმოადგენს, რომელიც საკუთრივ რეგიონის ქვეყნებთან უსაფრთხოების მიმართულებით გარანტიების შემუშავებას გულისხმობს. აღნიშნულის პრაქტიკაში განსახორციელებლად აუცილებელია არა კონკრეტული სახელმწიფო განყენებულად, არამედ რეგიონში არსებული მდგომარეობაც მიმოვიხილოთ. შესაბამისად, ნაშრომის მეორე თავი და მისი ქვეთავები მიეძღვნა ამ საკითხებს, კერძოდ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მიმოხილვას და რეგიონში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ევროკავშირის პოზიციონირებას. მესამე თავში განხილულია ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობები, ხოლო მეოთხე თავი დათმობილია საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივებს და წევრობის შემთხვევაში შესაძლო სცენარებს.
PDF-ის ჩამოტვირთვა
საქართველოში გენდერული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა
ირინა ბათიაშვილი
17/12/2023
ქვეყნები, რომლებიც მზად არიან შეიმუშაონ მოსახლეობის დაბერების შესახებ პოლიტიკა და გენდერული პოლიტიკა, უმჯობესია გაანალიზონ ზოგად მიზნებთან მიმართებაში (მიზნები უნდა შეიცავდეს გენდერულ ელემენტს) კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. გენდერული ხასიათის კვლევებს და ზოგადად კვლევით სისტემას სჭირდება სპეციფიკური შედარებითი მეთოდის შემუშავება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეფასების კულტურამ და ლოგიკურმა მოდელმა (ზეგავლენის ისტორიებმა) გამოიწვიოს კვლევითი სისტემის განვითარება. ზემოქმედების ისტორიები სასარგებლო მექანიზმია: პრობლემის იდენტიფიცირებისთვის, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებისთვის, ინტერვენციის მოსალოდნელი შედეგის იდენტიფიცირებისთვის და სამუშაო გარემოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე ინტერვენციის გრძელვადიანი ზემოქმედებისთვის. სარკისებური პრაქტიკის კონცეფცია და გენდერული პოლიტიკის შესახებ დოკუმენტები დაეხმარება საჯარო და კერძოს სექტორს გენდერულად მგრძნობიარე პროგრამების განხორციელებაში. გამოცდილებაზე დაფუძნებული ასაკი შესაძლებელია დაინერგოს შრომის ბაზარზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით. გამოცდილების ასაკის კონცეფციამ შეიძლება გამოიწვიოს გენდერული თანასწორობის ეფექტიანი განვითარება, დაბერებასთან დაკავშირებული სტიგმების აღმოფხვრა და მოსახლეობის დაბერების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის და გენდერული პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობა.
PDF-ის ჩამოტვირთვა
სახელმწიფო ინტერვენციონიზმი საგადასახადო სისტემაში - COVID-19 კრიზისის მაგალითი
პიოტრ კასპრზაკ
17/12/2023
მოცემული სტატია შეისწავლის და ახდენს შერჩეული ქვეყნების საგადასახადო სისტემის ცვლილებების კლასიფიკაციას. ასევე, მათ განიხილავს, როგორც COVID-19-ის პანდემიის შედეგად გაჩენილ კრიზისზე პასუხს. ასეთი ქმედებები განხორციელდა საგადასახადო სისტემაში სახელმწიფო ინტერვენციონიზმის კონტექსტში. სახელმწიფო ინტერვენციონიზმის საგადასახადო განაკვეთების კონტექსტში წარმოჩენის მიზნით, გაანალიზდა აღწერილი ფენომენის შესახებ არსებული ლიტერატურა და სპეციალიზებული დარგის ანგარიშები. გამოყენებულ კვლევის მეთოდებს შორისაა ლიტერატურის მიმოხილვა, ისევე როგორც OECD-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიმოხილვა და ანალიზი, რომელიც ეხებოდა ნაშრომში აღწერილ და გაანალიზებულ საკითხს. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ანალიზისთვის შერჩეულ ქვეყნებში ინდივიდუალური საგადასახადო მძიმე ტვირთის ცვლილების წარმოჩენაზე. ნაშრომი ასევე ხაზს უსვამს საგადასახადო ინტერვენციონიზმს, როგორც სახელმწიფოს შესაძლებლობას გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე, კრიზისის უარყოფითი შედეგების მიუხედავად. უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისები და კრიზისული სიტუაციები გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მათი მიმდინარეობა და საბოლოო შედეგები დამოკიდებულია ცალკეული ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებზე, რომელიც მიმართულია მათი გავრცელების უარყოფითი შედეგების შესამცირებლად. COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაკროეკონომიკური პერსპექტივისა და მდგომარეობის შეცვლაზე. პანდემიის გავრცელებამ ასევე უარყოფითი გავლენა იქონია კომპანიებზე (განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის) და მათ ფუნქციონირებაზე. შედეგად, მთავრობებმა გადაწყვიტეს დაენერგათ სხვადასხვა შეღავათები, მათ შორის ცვლილებები საგადასახადო სისტემების ფუნქციონირებაში. ეს უნდა იქნას მიჩნეული სახელმწიფო ინტერვენციონიზმად.
PDF-ის ჩამოტვირთვა
პირველი „აქტუალებიდან“ სატელევიზიო დოკუმენტალისტიკამდე (თეორიული და მეთოდური მიდგომები)
ნინო ჭალაგანიძე, ლია ზამბახიძე
17/12/2023
კინემატოგრაფიის პირველ ნიმუშად საზოგადოების ყოველდღიურობის ამსახველი „აქტუალური ფილმები“ მიიჩნევა. მექანიკურად გადაღებული, ავთენტური მასალა, სრული სიზუსტით ასახავდა ფოკუსში მოხვედრილი ყოფიერების რამდენიმე წამს. რეალობის ტრანსლაციის მსგავსი, არაერთი მცდელობა საბოლოოდ 1895 წელს, კინოს დაბადებით დაგვირგვინდა. პირველი ფილმების დოკუმენტური ხასიათის მიუხედავად, თავად ტერმინი რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ჩნდება და მასალის უტყუარობასთან, სანდოობასთან, შემეცნებით ხასიათთან ასოცირდება. დროთა განმავლობაში კადრებს მთხრობლის ხმა და ხმაური დაემატა, დაიხვეწა გადაღების ტექნიკა, რაკურსი, ხედი. მონტაჟის კონცეფციამ ავტორებს სათქმელის მაყურებლამდე მიტანის კიდევ უფრო ეფექტური გზები დაანახა. ამ ყველაფერმა, ერთად და ცალ-ცალკე, დოკუმენტალისტიკას განუზომელი შესაძლებლობა მისცა, გავლენა მოეხდინა აუდიტორიის ემოციებზე, ცოდნასა და განწყობაზე. ისტორიულმა ანალიზმა ცხადყო, რომ გამომგონებელთა მისწრაფება, სრული სიზუსტით, მოძრაობაში აესახათ მოვლენები სავსებით სცდებოდა კინოს შექმნის მიზანს. რეალურად, მხოლოდ ტექნიკურ განვითარებაზე ორიენტირებული მცდელობების შედეგად, მივიღეთ პირველი „აქტუალები“ (actualities). დოკუმენტური ფილმების კონტენტანალიზის საფუძველზე, ნაშრომი თანმიმდევრულად ასახავს რა გავლენას ახდენდა გამოსახვის ფორმებსა და საშუალებებზე ტექნიკური განვითარების ეტაპები, დროთა განმავლობაში სოციუმში გავრცელებული სოციოკულტურული მიმდინარეობები. როგორ იცვლებოდა ავტორთა ხედვები, მისწრაფებები და მიზნები. შეუქცევადი ტექნიკური და ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, მედიასივრცეში ჩნდებოდა ახალი ჟანრები. დოკუმენტური ფილმი ეტაპობრივად ითვისებდა თხრობის თანამედროვე ტექნიკას. საბოლოოდ კი ჟურნალისტური მიდგომების კინოხელოვნებასთან ასიმილაციით ახალ ჰიბრიდულ ფორმად - ტელედოკუმენტალისტიკად ჩამოყალიბდა.
PDF-ის ჩამოტვირთვა
COVID-19 პანდემიის ეკონომიკურ ზემოქმედებასთან და უმუშევრობასთან ბრძოლის პროგრამები ყაზახეთსა და უკრაინაში
კრისტინა გომოლკა
16/12/2023
შემდეგი სტატია მიმოიხილავს ეკონომიკურ პროგრამებს, რომლებიც გამოიყენება COVID-19-ის პანდემიის უარყოფით შედეგებთან საბრძოლველად. გაანალიზებული პროგრამები უკრაინისა და ყაზახეთის მთავრობებმა განახორციელეს. მათ ხელი შეუწყეს ორივე ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას. უკრაინელი მკვლევარების დასკვნები ძირითადად ყურადღებას ამახვილებს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში ზარალის შეფასებაზე, განსაკუთრებით სასტუმროს, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორებში. სამეცნიერო ლიტერატურა ყაზახეთში ფოკუსირებულია სამთავრობო პროგრამის შედეგების შესწავლაზე, რომლის მიზანიცაა COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკური ეფექტების განეიტრალება, განსაკუთრებით შრომის ბაზრის პერსპექტივიდან (თანამშრომლები). ნაშრომში გამოყენებული მეთოდებია ლიტერატურის მიმოხილვა, პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში გამოყენებული სამთავრობო პროგრამების ანალიზი და უკრაინასა და ყაზახეთში დასაქმებულთა და უმუშევართა სტატისტიკური მონაცემების შედარებითი ანალიზი. სტატიის მიზანია ყაზახეთისა და უკრაინის მთავრობების მიერ განხორციელებული კონტრზომების იდენტიფიცირება, რომლებიც მიმართულია მეწარმეებისა და თანამშრომლების მიმართ. ავტორმა ასევე შეაფასა COVID-19 პანდემიის გავლენა შრომის ბაზარზე, ძირითადად უმუშევრობის კუთხით. უკრაინის მთავრობის პროგრამაში მთავარი აქცენტი მეწარმეებისა და თვითდასაქმებულთა მხარდაჭერაზე იყო გაკეთებული. მთავრობამ ასევე უზრუნველყო საგადასახადო შეღავათები, სესხის საშეღავათო პერიოდები, ფინანსური მხარდაჭერა საწარმოებისთვის, რომლებმაც შეზღუდეს ან შეაჩერეს მუშაობა პანდემიის დროს და სპეციალური ფინანსური დახმარება აგრობიზნესისთვის. ყაზახეთის მთავრობის პროგრამა განკუთვნილი იყო მეწარმეების, თვითდასაქმებულებისა და დასაქმებულებისთვის. ყაზახეთში პროგრამის განხორციელებას არანაირი სირთულე არ მოჰყოლია, ხოლო უკრაინაში ადგილობრივი ხელისუფლება არ დაემორჩილა ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს. მრავალი ბიზნესის დახურვამ ან სამუშაო საათების შემცირებამ ხელი შეუწყო უმუშევრობის ზრდას ორივე ქვეყანაში. უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში იყო ყაზახეთი, სადაც COVID-19 პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა უმუშევრობის მცირე და მოკლევადიანი ზრდა. უკრაინაში დასაქმების შემცირება ეკონომიკის ყველა სექტორში გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ყაზახეთში და უმუშევრობის მნიშვნელოვან ზრდას ნიშნავდა.
PDF-ის ჩამოტვირთვა
ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ ბავშვთა საკითხების გაშუქების თავისებურებები (interpressnews.ge და primetime.ge)
ნინო ჭალაგანიძე, სოსო გაზდელიანი
16/12/2023
საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ბავშვები შეადგენენ. ისინი განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობენ, თუმცა სოციუმის მაინც ყველაზე დაუცველ წევრებად რჩებიან. ვინაიდან ბავშვზე ზემოქმედება მარტივია, ამ ასაკში მიღებულმა უარყოფითმა იმპულსებმა შესაძლოა, მთელ მის ცხოვრებაზე ნეგატიურად იმოქმედოს. ბავშვის უფლებების დარღვევა, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, მედიის მიერ მათთან დაკავშირებული საკითხების არასათანადო გაშუქებამაც შეიძლება გამოიწვიოს. შესაბამისად, ბავშვებზე მომზადებული მედიამასალები გამოქვეყნებამდე მნიშვნელოვან სარედაქციო გადამოწმებას საჭიროებს. მოზარდთა სოციალიზაციის საკითხში მედიის როლი განუზომელია, შესაბამისად, მან ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა დაიცვას ბავშვის უფლებები და ინტერესები, ხელი შეუწყოს მის განვითარებას და დისკრიმინაციული ფაქტების მუდმივი ექსპოზიციით საზოგადოების დანარჩენ წევრებს დაანახოს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რგოლის განსაკუთრებული მობილიზება და გაძლიერება. წინამდებარე ნაშრომში ბავშვთა საკითხების გაშუქების საგულისხმო ტენდენციები ონლაინგამოცემების მაგალითებზე გამოვავლინეთ. საკვლევ ობიექტებად განვსაზღვრეთ შემდეგი საინფორმაციო სააგენტოები: interpressnews.ge და primetime.ge. ნაშრომის მიზანია: ბავშვთა საკითხებზე ონლაინგამოცემათა მუშაობის სპეციფიკის გაცნობა; ბავშვთა საკითხების გაშუქების ტენდენციების დადგენა და ხარვეზების გამოკვეთა; კვლევის შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს წარმოადგენს: კონტენტ-ანალიზის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები, შედარებითი ანალიზი. რაც შეეხება თეორიულ ჩარჩოს, ის შემდეგ კონცეფციებს აერთიანებს: დღის წესრიგის, ფრეიმინგისა და პრაიმინგის თეორიები. ემპირიული ველის დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება კვლავაც რიგი გამოწვევების წინაშეა, რომლებიც, მეტწილად, პროფესიულ-ეთიკურ გადაცდომებს უკავშირდება. ამასთან, თხრობა ზედაპირული, ხოლო პერიოდულობა - ნაკლებსახარბიელოა. ბავშვთა საკითხების სათანადოდ გაშუქება ჟურნალისტური საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტია, შესაბამისად, კვლევის საგნად სწორედ ეს ზეაქტუალური საკითხი შევარჩიეთ.