ავტორი : ნინო ჭალაგანიძე, ლია ზამბახიძე 17/12/2023
კინემატოგრაფიის პირველ ნიმუშად საზოგადოების ყოველდღიურობის ამსახველი „აქტუალური ფილმები“ მიიჩნევა. მექანიკურად გადაღებული, ავთენტური მასალა, სრული სიზუსტით ასახავდა ფოკუსში მოხვედრილი ყოფიერების რამდენიმე წამს. რეალობის ტრანსლაციის მსგავსი, არაერთი მცდელობა საბოლოოდ 1895 წელს, კინოს დაბადებით დაგვირგვინდა. პირველი ფილმების დოკუმენტური ხასიათის მიუხედავად, თავად ტერმინი რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ჩნდება და მასალის უტყუარობასთან, სანდოობასთან, შემეცნებით ხასიათთან ასოცირდება.
დროთა განმავლობაში კადრებს მთხრობლის ხმა და ხმაური დაემატა, დაიხვეწა გადაღების ტექნიკა, რაკურსი, ხედი. მონტაჟის კონცეფციამ ავტორებს სათქმელის მაყურებლამდე მიტანის კიდევ უფრო ეფექტური გზები დაანახა. ამ ყველაფერმა, ერთად და ცალ-ცალკე, დოკუმენტალისტიკას განუზომელი შესაძლებლობა მისცა, გავლენა მოეხდინა აუდიტორიის ემოციებზე, ცოდნასა და განწყობაზე.
ისტორიულმა ანალიზმა ცხადყო, რომ გამომგონებელთა მისწრაფება, სრული სიზუსტით, მოძრაობაში აესახათ მოვლენები სავსებით სცდებოდა კინოს შექმნის მიზანს. რეალურად, მხოლოდ ტექნიკურ განვითარებაზე ორიენტირებული მცდელობების შედეგად, მივიღეთ პირველი „აქტუალები“ (actualities).
დოკუმენტური ფილმების კონტენტანალიზის საფუძველზე, ნაშრომი თანმიმდევრულად ასახავს რა გავლენას ახდენდა გამოსახვის ფორმებსა და საშუალებებზე ტექნიკური განვითარების ეტაპები, დროთა განმავლობაში სოციუმში გავრცელებული სოციოკულტურული მიმდინარეობები. როგორ იცვლებოდა ავტორთა ხედვები, მისწრაფებები და მიზნები.
შეუქცევადი ტექნიკური და ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, მედიასივრცეში ჩნდებოდა ახალი ჟანრები. დოკუმენტური ფილმი ეტაპობრივად ითვისებდა თხრობის თანამედროვე ტექნიკას. საბოლოოდ კი ჟურნალისტური მიდგომების კინოხელოვნებასთან ასიმილაციით ახალ ჰიბრიდულ ფორმად - ტელედოკუმენტალისტიკად ჩამოყალიბდა.