ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ ბავშვთა საკითხების გაშუქების თავისებურებები (interpressnews.ge და primetime.ge)

ავტორი : ნინო ჭალაგანიძე, სოსო გაზდელიანი 16/12/2023

საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ბავშვები შეადგენენ. ისინი განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობენ, თუმცა სოციუმის მაინც ყველაზე დაუცველ წევრებად რჩებიან. ვინაიდან ბავშვზე ზემოქმედება მარტივია, ამ ასაკში მიღებულმა უარყოფითმა იმპულსებმა შესაძლოა, მთელ მის ცხოვრებაზე ნეგატიურად იმოქმედოს. ბავშვის უფლებების დარღვევა, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, მედიის მიერ მათთან დაკავშირებული საკითხების არასათანადო გაშუქებამაც შეიძლება გამოიწვიოს. შესაბამისად, ბავშვებზე მომზადებული მედიამასალები გამოქვეყნებამდე მნიშვნელოვან სარედაქციო გადამოწმებას საჭიროებს. მოზარდთა სოციალიზაციის საკითხში მედიის როლი განუზომელია, შესაბამისად, მან ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა დაიცვას ბავშვის უფლებები და ინტერესები, ხელი შეუწყოს მის განვითარებას და დისკრიმინაციული ფაქტების მუდმივი ექსპოზიციით საზოგადოების დანარჩენ წევრებს დაანახოს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რგოლის განსაკუთრებული მობილიზება და გაძლიერება. წინამდებარე ნაშრომში ბავშვთა საკითხების გაშუქების საგულისხმო ტენდენციები ონლაინგამოცემების მაგალითებზე გამოვავლინეთ. საკვლევ ობიექტებად განვსაზღვრეთ შემდეგი საინფორმაციო სააგენტოები: interpressnews.ge და primetime.ge. ნაშრომის მიზანია: ბავშვთა საკითხებზე ონლაინგამოცემათა მუშაობის სპეციფიკის გაცნობა; ბავშვთა საკითხების გაშუქების ტენდენციების დადგენა და ხარვეზების გამოკვეთა; კვლევის შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს წარმოადგენს: კონტენტ-ანალიზის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები, შედარებითი ანალიზი. რაც შეეხება თეორიულ ჩარჩოს, ის შემდეგ კონცეფციებს აერთიანებს: დღის წესრიგის, ფრეიმინგისა და პრაიმინგის თეორიები. ემპირიული ველის დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება კვლავაც რიგი გამოწვევების წინაშეა, რომლებიც, მეტწილად, პროფესიულ-ეთიკურ გადაცდომებს უკავშირდება. ამასთან, თხრობა ზედაპირული, ხოლო პერიოდულობა - ნაკლებსახარბიელოა. ბავშვთა საკითხების სათანადოდ გაშუქება ჟურნალისტური საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტია, შესაბამისად, კვლევის საგნად სწორედ ეს ზეაქტუალური საკითხი შევარჩიეთ.
PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი