საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ანალიზი და სამომავლო პერსპექტივები

ავტორი : ირაკლი გაბელია, ქეთევან გრძელიძე 17/12/2023

თანამედროვე პერიოდში მომხდარი ძლიერი პოლიტიკური ძვრების მიუხედავად, ევროკავშირი კვლავაც ერთ-ერთ ძლიერ აქტორად ფიქსირდება საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, მისი პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. რუსეთ-უკრაინის 2022 წლის კონფლიქტის პარალელურად მიმდინარე პროცესებმა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური რყევები გამოიწვია კონტინენტზე. სანქციებმა, რომელიც ევროპული გაერთიანების მხრიდან დაუწესდა აგრესორ სახელმწიფოს, ასახვა ადგილობრივ დონეზეც ჰპოვა, რაც პირდაპირპროპორციულად ევროკავშირის ოფიციალურ ვალუტასაც შეეხო. შესაბამისად, გაჩნდა რეალური შიში და საფრთხე იმისა, რომ კვლავ 2008 წლის მსგავსად, რეცესიულმა მოვლენებმა იჩინოს თავი, რაც როგორც წევრ, ისე არაწევრ სახელმწიფოებზეც უდიდეს გავლენას მოახდენს. ამ ფონზე მნიშვნელოვანია სიღრმისეულად მიმოვიხილოთ ევროკავშირის ურთიერთობები და დამოკიდებულება საქართველოსა და ზოგადად რეგიონის სახელმწიფოებთან პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტებში. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ორმხრივ ანალიზი და განვითარების შესაძლო პერსპექტივები, რომელიც ასევე კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში თვისებრივი მეთოდებით, კერძოდ, case study-თა და შინაარსობრივი ანალიზით წარმოჩინდა რეგიონში არსებული სიტუაცია, რომლისთვისაც ჩატარდა სხვადასხვა ტიპის პირველადი და მეორეული წყაროების სიღრმისეული ანალიზი, აღნიშნულის საფუძველზე კი შემუშავდა დასკვნა, რაც სრულ შესაბამისობაშია ნაშრომის მიზანთან. კვლევა ალტერნატიული ხედვისა და პერსპექტივების განვითარების მიზნით ეყრდნობა ქართულ სამეცნიერო წიაღში შექმნილ თეორიას - კვანტურ-რელატივისტურ ნოოლოგიას, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო ხედვების ახლებურად დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს. კვლევის ფარგლებში სიღრმისეულად მიმოხილულია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, რომლის მნიშვნელოვან ასპექტს თავად ევროკავშირის ურთიერთობა და ამ ურთიერთობათა თანმიმდევრული ანალიზი წარმოადგენს, რომელიც საკუთრივ რეგიონის ქვეყნებთან უსაფრთხოების მიმართულებით გარანტიების შემუშავებას გულისხმობს. აღნიშნულის პრაქტიკაში განსახორციელებლად აუცილებელია არა კონკრეტული სახელმწიფო განყენებულად, არამედ რეგიონში არსებული მდგომარეობაც მიმოვიხილოთ. შესაბამისად, ნაშრომის მეორე თავი და მისი ქვეთავები მიეძღვნა ამ საკითხებს, კერძოდ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მიმოხილვას და რეგიონში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ევროკავშირის პოზიციონირებას. მესამე თავში განხილულია ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობები, ხოლო მეოთხე თავი დათმობილია საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივებს და წევრობის შემთხვევაში შესაძლო სცენარებს.
PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი