PDF-ის ჩამოტვირთვა
დისკრიმინაციის სამართლებრივი კატეგორიები და მათი განმასხვავებელი ფაქტორები
თინათინ ცინარიძე
31/07/2024
სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარს წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობა. დღევანდელ მსოფლიოში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები. აუცილებელია ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით არსებობდეს თანასწორი ხელმისაწვდომობა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვა. 2014 წელს, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში შემუშავდა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის რიგი ცვლილებები. საკანონმდებლო პაკეტით შემუშავდა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლითაც პირდაპირ აიკრძალა ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, საჯარო თუ კერძო სექტორში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა მეშვიდე კარი, რომლითაც განისაზღვრა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლოში განხილვის წესი და პროცედურები. 2020 წელს, ცვლილება შევიდა საქართველოს ორგანულ კანონში, “საქართველოს შრომის კოდექსში”, დაემატა დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმები, მათ შორის, შევიწროების შესახებ. შემუშავდა ახალი კანონი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ”. საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, თანასწორობის დაცვა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. სტატიაში განხილული შედარებით-სამართლებრივი ანალიზი ეფუძნება 2022-2024 წლების ევროკავშირის შეფასებას ცალკეული ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის ანტიდისკრიმინაციულ სამართალთან. ნაშრომში განხილულია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი, ევროპის საბჭოს მეთოდური სახელმძღვანელოები და რეკომენდაციები, რომელიც ხაზს უსვამს წევრი ქვეყნების მიერ ანტიდისკრიმინაციული სამართლის სრულყოფილი ჰარმონიზაციის აუცილებლობას და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვას. სტატიის ფარგლებში განხილულია დისკრიმინაციის სახეები, ფორმები და მათი გამოვლენის სამართლებრივი ასპექტები ევროპული სამართლის და სხვა ქვეყნების შიდა კანონმდებლობის დეტალური ანალიზის საფუძველზე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა დისკრიმინაციის ახალი კატეგორია, ალგორითმული დისკრიმინაცია, რაც განპირობებულია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით და დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის როლის მნიშვნელობის ზრდით. ნაშრომში მიმოხილულია შევიწროებისა და დისკრიმინაციის განმასხვავებელი ძირითადი ფაქტორები, გონივრული მისადაგების მნიშვნელობა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის თავისებურებანი, საქართველოს რეალობაში არსებული გამოწვევები და ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. კვლევის ფარგლებში გამოვიყენეთ ნორმატიული მეთოდი, სამართლებრივი ნორმების, დოქტრინების შეფასების და საერთაშორისო აქტების შესწავლის მიზნით. სისტემურ-სტრუქტურული მეთოდი, სტატისტიკური მეთოდი დისკრიმინაციის მსხვერპლთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობრივი მონაცემის ანალიზისთვის. შედარებით-სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით ნაშრომში წარმოდგენილია სამართლებრივი სისტემების შედარებითი ანალიზის საფუძველზე დისკრიმინაციის კატეგორიები და მათი განმასხვავებელი ნიშნები. ლოგიკური აზროვნების, ანალიზის და სინთეზის მეთოდის გამოყენებით შემუშავდა დასკვნები. სტატიის ფარგლებში შემოთავაზებულია პრაქტიკული მნიშვნელობის რეკომენდაციები. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარდა, გონივრული მისადაგების პრინციპი გავრცელდეს სხვა მოწყვლად ჯგუფებზეც, მათ შორის, რელიგიის და ეთნიკური უმცირესობების მიმართ. მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით დარეგულირდეს გონივრული მისადაგების მინიმალური სტანდარტები, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო სექტორისთვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სტატუსის მინიჭება განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა (მათ შორის, გოგონათა) უფლებების დაცვა განხორციელდეს მაღალი სტანდარტით და გაძლიერდეს დაცვის მექანიზმები. Article DOI:https://doi.org/10.55367/VGMA6199
PDF-ის ჩამოტვირთვა
იძულებითი იპოთეკის სამართლებრივი ბუნება
ნანა როსტომაშვილი
31/07/2024
სტატიაში განხილულია იძლებითი იპოთეკის სამართლებრივი რეგულირება სააღსრულებო კანონმდებლობაში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ იძულებითი იპოთეკის ღონისძიებათა გამოყენების საფუძვლებს და თავისებურებებს, ამასთან წარმოდგენილია პრაქტიკაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. იძულებითი იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის ყველაზე პოპილარულ ინსტიტუტს წარმოადგენს, რაც იპოთეკისთან დაკავშირებულ პრობლემას უფრო საინტერესოს და აქტუალურს ხდის. სტატიაში განხილული თემები მკითხველს დაეხმარება ნათელი წარმოდგენა იქონიოს იძულებითი აღსრულების სამართლებრივ ასპექტებზე, მისი როლის და მნიშვნელობის თაობაზე კანონმდებლობაში. აღნიშნული საკითხის შესწავლაში დაგვეხმარება განსახილველი საკითხის შედარება სხვა ქვეყნებში არსებულ კანონმდებლობასა და პრაკტიკასთან, რაც საშუალებას მოგვცემს ნათლად წარმოვაჩინოთ იძულებითი იპოთეკის სამართლებრივი ანალიზი და მისი მნიშვნელობა ქართულ სამართალში. თუ რა პრობლემები იჩენს თავს პრაქტიკაში და შესაბამისად, როგორ უნდა მოხდეს მისი აღმოფხვრა, ისე რომ დაცული იყოს, იპოთეკის ხელშეკრულების მხარეების უფლებები. Article DOI:https://doi.org/10.55367/PGMX2903
PDF-ის ჩამოტვირთვა
ცხოველის, როგორც მოძრავი რეგისტრაციაუნარიანი ნივთის სპეციფიკა და თავისებურებანი
თამარ ქერდიყოშვილი
31/07/2024
საკუთრების უფლება წარმოდგენს საყოველთაოდ აღიარებულ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებას, რომელიც მათ შორის რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება. საკუთრების უფლების დაცვა და საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველობა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას. საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა თუ თავისუფლებების დაცვა და ყველა პიროვნების თავისუფალი განვითარება სამართლებრივი წესწყობილების მიზანს წარმოადგენს. პიროვნების თავისუფალი განვითარება თავის მხრივ მჭიდროდაა დაკავშირებული საკუთრების უფლებით სარგებლობასთან. საკუთრების უფლება ადამიანის არსებობის საწყის, საბაზისო, ელემენტარულ საფუძველთან ერთად მისი თავისუფლებას შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას უნარსა და საკუთარი ცხოვრების პასუხისმგებლობით წარმართვას უზრუნველყოფს. მიუხედავად აბსოლუტური ბუნებისა, არ არის შეუზღუდავი, არამედ მესაკუთრე საკუთრებით სარგებლობის პროცესში შებოჭილია მთელი რიგი ასპექტებით, რაც სხვა პირთა ინტერესების დაცვით არის განპირობებული. ერთ-ერთ მომეტებული საფრთხის მქონე „ნივთს“ წარმოადგენს ცხოველი, რომელიც რეგისტრაციაუნარიანია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთიანი პოზიცია ცხოველის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით, პრაქტიკაში ცხოველის სამართლებრივი მდგომარეობა გათანაბრებულია ნივთთან. ვინაიდან ცხოველი სრულად არ აკმაყოფილებს ნივთის ნიშნებს და ცალკეულ საკითხებთან მიმართებით დადგენილია განსხვავებული მიდგომა, მიზანშეწონილია ცხოველის სამართლებრივი სტატუსის თავისურებების ანალიზი და იმ სპეციფიკის იდენტიფიცირება, რაც უკავშირდება ცხოველის ნივთად აღიარებას. Article DOI:https://doi.org/10.55367/BJRI5469
PDF-ის ჩამოტვირთვა
მართლმსაჯულების განხორციელება სამედიცინო დავებში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა კონკურენციისას: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ანალიზი
ილნარი ხარანაული
31/07/2024
სამედიცინო მომსახურების გამწევი პაციენტს სამედიცინო მომსახურებას უწევს ძირითადად სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების შედეგად ზიანს აყენებს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პაციენტის ჯანმრთელობას, ის ერთდროულად არღვევს, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულებას ჯეროვანი შესრულების შესახებ, ასევე დელიქტური ნორმებით განსაზღვრულ ვალდებულებას - არ მიაყენოს ზიანი პირის ჯანმრთელობას. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების გამწევის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები, თუკი ის პაციენტთან იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში, შეიძლება რეგულირებული იყოს ერთის მხრივ, სახელშეკრულებო ნორმებით და მეორეს მხრივ, დელიქტური ნორმებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო მომსახურებით პირის ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებულ მსგავს დავებში სახეზეა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა კონკურენცია (ხარანაული, 2023) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული კონსენსუსი - ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნას სახელშეკრულებო თუ დელიქტური ნორმები, ან რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს აღნიშნული მოთხოვნის საფუძველთა კონკურენციის გამიჯვნა. რაც შეეხება სასამართლოს, რომლის კომპეტენციაც არის გამოსაყენებელი სამართლის ნორმის შერჩევა, ზემოაღნიშნულ დავათა მოწესრიგებისას ძირითადად ეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლს, მაშინაც კი როცა მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება. სწორედ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, წარმოდგენილი სტატიის ფარგლებში გამოკვლეულია უზენაესი სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლებშიც განსხვავებული მიდგომებია ჩამოყალიბებული, პაციენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სამედიცინო მომსახურების გამწევის პასუხისმგებლობის განსაზღვრისას. კვლევის შედეგად გამოვლენიალია გარემოებები, რომელთა გათვალისწინებასაც შეუძლია ხელი შეუწყოს სამედიცინო დავებში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა კონკურენციის საკითხთან დაკავშირებით ერთგვაროვანი, სტაბილური და დასაბუთებული მიდგომის ჩამოყალიბებას, რასაც შეუძლია საბოლოოდ დაასრულოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსიები; ამასთან, დავის შედეგებით დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა სწორად განსაზღვრონ დავის შესაძლო პერსპექტივები და სათანადოდ მოემზადონ საქმის განხილვისა და მტკიცების ტვირთის დასაძლევად. Article DOI:https://doi.org/10.55367/IVHY6689
PDF-ის ჩამოტვირთვა
საქართველოსა და გერმანიის კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი აფექტირებული დანაშაულის ჭრილში
თამთა წირქვაძე
31/07/2024
აფექტში ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ერთ-ერთ ურთულესი საკითხია, ის მხოლოდ საკუთრივ სამართლის სფეროს არ განეკუთვნება, არამედ მასთან მჭიდრო ურთიერთქმედებაშია, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, საზოგადოებრივი ეთიკა, მორალი, პოლიტიკა და სხვა მრავალი დარგი, შესაბამისად, ის საჭიროებს ინტერდისციპლინურ და დიმენსიოლოგიურ, ანუ განზომილებათა თეორიის ჭრილში გააზრებას. ნაშრომში განხილულია როგორც საქართველოს, ისე გერმანიის სისხლის სამართლის მიდგომები აფექტში ჩადენილი დანაშაულისადმი და, შედარებითი კვლევის მეთოდის დახმარებით, გაანალიზებულია მათ შორის ურთიერთკავშირი. აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით შემოთავაზებულია ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც გონივრულად ლიბერალურს და თანამედროვეობისათვის შესაფერისს გახდის სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და, ზოგადად, სისხლის სამართლის დამოკიდებულებას აფექტში ჩადენილი პროვოცირებული დანაშაულის ნაირსახეობათა მიმართ. განსახილველ საკითხზე სასამართლო პრაქტიკისა და თეორიის შესწავლისას გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, მაგალითად აუცილებელი მოგერიებისა და აფექტირებული დანაშაულის გამნიჯვნასთან დაკავშირებით. გარდა სამართლებრივისა, აქტუალურია, ასევე, მორალური სტანდარტები, რომლებიც გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს და არარელევანტურია სამართლებრივი თვალსაზრისით. ქვეყნის განვითარებისათვის და ევროპულ ოჯახში ჩვენი ადგილის დასამკვიდრებლად კი აუცილებელია საზოგადოების ფსიქოლოგიური და მორალური მზადყოფნა ანტიდისკრიმინაციული და არაძალადობრივი იდეოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. ყოველივე ამის გამომუშავებაში უწინარესად როლს თამაშობს საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ამასთან, თუ ამ ყოველივეს მეცნიერულ კვლევებსაც შევაშველებთ, საგანმანათლებლო ღონისძიებების ქმედითობის მხრივ, საზოგადოებრივი ცნობიერება საგრძნლობლად ამაღლდება. Article DOI: https://doi.org/10.55367/PUNZ5554