ავტორი : თინათინ ცინარიძე 31/07/2024
სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარს წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობა. დღევანდელ მსოფლიოში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები. აუცილებელია ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით არსებობდეს თანასწორი ხელმისაწვდომობა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვა. 2014 წელს, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში შემუშავდა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის რიგი ცვლილებები. საკანონმდებლო პაკეტით შემუშავდა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლითაც პირდაპირ აიკრძალა ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, საჯარო თუ კერძო სექტორში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა მეშვიდე კარი, რომლითაც განისაზღვრა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლოში განხილვის წესი და პროცედურები. 2020 წელს, ცვლილება შევიდა საქართველოს ორგანულ კანონში, “საქართველოს შრომის კოდექსში”, დაემატა დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმები, მათ შორის, შევიწროების შესახებ. შემუშავდა ახალი კანონი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ”. საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, თანასწორობის დაცვა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.
სტატიაში განხილული შედარებით-სამართლებრივი ანალიზი ეფუძნება 2022-2024 წლების ევროკავშირის შეფასებას ცალკეული ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის ანტიდისკრიმინაციულ სამართალთან. ნაშრომში განხილულია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი, ევროპის საბჭოს მეთოდური სახელმძღვანელოები და რეკომენდაციები, რომელიც ხაზს უსვამს წევრი ქვეყნების მიერ ანტიდისკრიმინაციული სამართლის სრულყოფილი ჰარმონიზაციის აუცილებლობას და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვას.
სტატიის ფარგლებში განხილულია დისკრიმინაციის სახეები, ფორმები და მათი გამოვლენის სამართლებრივი ასპექტები ევროპული სამართლის და სხვა ქვეყნების შიდა კანონმდებლობის დეტალური ანალიზის საფუძველზე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა დისკრიმინაციის ახალი კატეგორია, ალგორითმული დისკრიმინაცია, რაც განპირობებულია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით და დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის როლის მნიშვნელობის ზრდით. ნაშრომში მიმოხილულია შევიწროებისა და დისკრიმინაციის განმასხვავებელი ძირითადი ფაქტორები, გონივრული მისადაგების მნიშვნელობა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის თავისებურებანი, საქართველოს რეალობაში არსებული გამოწვევები და ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
კვლევის ფარგლებში გამოვიყენეთ ნორმატიული მეთოდი, სამართლებრივი ნორმების, დოქტრინების შეფასების და საერთაშორისო აქტების შესწავლის მიზნით. სისტემურ-სტრუქტურული მეთოდი, სტატისტიკური მეთოდი დისკრიმინაციის მსხვერპლთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობრივი მონაცემის ანალიზისთვის. შედარებით-სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით ნაშრომში წარმოდგენილია სამართლებრივი სისტემების შედარებითი ანალიზის საფუძველზე დისკრიმინაციის კატეგორიები და მათი განმასხვავებელი ნიშნები. ლოგიკური აზროვნების, ანალიზის და სინთეზის მეთოდის გამოყენებით შემუშავდა დასკვნები.
სტატიის ფარგლებში შემოთავაზებულია პრაქტიკული მნიშვნელობის რეკომენდაციები. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარდა, გონივრული მისადაგების პრინციპი გავრცელდეს სხვა მოწყვლად ჯგუფებზეც, მათ შორის, რელიგიის და ეთნიკური უმცირესობების მიმართ. მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით დარეგულირდეს გონივრული მისადაგების მინიმალური სტანდარტები, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო სექტორისთვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სტატუსის მინიჭება განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა (მათ შორის, გოგონათა) უფლებების დაცვა განხორციელდეს მაღალი სტანდარტით და გაძლიერდეს დაცვის მექანიზმები.
Article DOI:https://doi.org/10.55367/VGMA6199