მართლმსაჯულების განხორციელება სამედიცინო დავებში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა კონკურენციისას: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ანალიზი

ავტორი : ილნარი ხარანაული 31/07/2024

სამედიცინო მომსახურების გამწევი პაციენტს სამედიცინო მომსახურებას უწევს ძირითადად სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების შედეგად ზიანს აყენებს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პაციენტის ჯანმრთელობას, ის ერთდროულად არღვევს, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულებას ჯეროვანი შესრულების შესახებ, ასევე დელიქტური ნორმებით განსაზღვრულ ვალდებულებას - არ მიაყენოს ზიანი პირის ჯანმრთელობას. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების გამწევის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები, თუკი ის პაციენტთან იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში, შეიძლება რეგულირებული იყოს ერთის მხრივ, სახელშეკრულებო ნორმებით და მეორეს მხრივ, დელიქტური ნორმებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო მომსახურებით პირის ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებულ მსგავს დავებში სახეზეა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა კონკურენცია (ხარანაული, 2023) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული კონსენსუსი - ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნას სახელშეკრულებო თუ დელიქტური ნორმები, ან რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს აღნიშნული მოთხოვნის საფუძველთა კონკურენციის გამიჯვნა. რაც შეეხება სასამართლოს, რომლის კომპეტენციაც არის გამოსაყენებელი სამართლის ნორმის შერჩევა, ზემოაღნიშნულ დავათა მოწესრიგებისას ძირითადად ეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლს, მაშინაც კი როცა მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება. სწორედ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, წარმოდგენილი სტატიის ფარგლებში გამოკვლეულია უზენაესი სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლებშიც განსხვავებული მიდგომებია ჩამოყალიბებული, პაციენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სამედიცინო მომსახურების გამწევის პასუხისმგებლობის განსაზღვრისას. კვლევის შედეგად გამოვლენიალია გარემოებები, რომელთა გათვალისწინებასაც შეუძლია ხელი შეუწყოს სამედიცინო დავებში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა კონკურენციის საკითხთან დაკავშირებით ერთგვაროვანი, სტაბილური და დასაბუთებული მიდგომის ჩამოყალიბებას, რასაც შეუძლია საბოლოოდ დაასრულოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსიები; ამასთან, დავის შედეგებით დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა სწორად განსაზღვრონ დავის შესაძლო პერსპექტივები და სათანადოდ მოემზადონ საქმის განხილვისა და მტკიცების ტვირთის დასაძლევად. Article DOI:https://doi.org/10.55367/IVHY6689
PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი