PDF-ის ჩამოტვირთვა
სარეკლამო პოსტერების გენდერული თავისებურებები
ნინო ჭალაგანიძე, მარიამ მხითაროვა
22/05/2023
რეკლამის არსი და განვითარების გზა გულისხმობს, ერთი მხრივ, მის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებად ჩამოყალიბებას, ხოლო, მეორე მხრივ, სოციუმის ცხოვრების ნაწილად ქცევას. ამ გრძელი და რთული პროცესის განმავლობაში, სარეკლამო ინდუსტრიამ არაერთხელ ცხადყო, რომ დადებით თვისებებთან ერთად, შეიცავს საფრთხეებს - შეითვისოს და გააძლიეროს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები. ასეთ შემთხვევაში ის საკუთარი პასუხისმგებლობის საპირისპიროდ მუშაობს და ინფორმაციას საზოგადოების რომელიმე ჯგუფისათვის საზიანოდ წარმოაჩენს. რეკლამაში ანარეკლივით აისახება ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი ტენდენციები, რომელთა უტრირებული სახით წარმოჩენა დეზინფორმაციას ან საზოგადოებაში სტერეოტიპული აზროვნების გამყარებას უწყობს ხელს. აღნიშნული პროცესების შესწავლა კიდევ ერთხელ ცხადყოფს რეკლამის გავლენის სიძლიერეს და მისი მექანიზმების ყურადღებით გამოყენების აუცილებლობას. სარეკლამო ბიზნესის განვითარების ისტორია ასახავს გენდერული სტერეოტიპების პრობლემატიკას, რაც კვლევის საგანი გახდა. საკითხი გაანალიზებულია სარეკლამო პოსტერების მაგალითზე და მიზნად ისახავს, გამოავლინოს გენდერული რეკლამების თავისებურებები, მათი სტერეოტიპული ბუნება იმის მიხედვით, თუ რა თვისებები აქვთ მინიჭებული პერსონაჟებს; გაანალიზოს, რამდენად იმეორებს იგი საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტენდენციებს. კვლევა მიზნად ისახავს, შევისწავლოთ გენდერთან დაკავშირებული რეკლამების წარმოშობის ისტორია. განვიხილავთ გენდერული სტერეოტიპების არსებობის საკითხს. თეორიულ ბაზისთან თანხვედრაში ემპირიული ველის გაანალიზება დაგვეხმარება მკაფიოდ წარმოვაჩინოთ რეკლამაში გენდერული თავისებურებები და სტერეოტიპული გაშუქების საფრთხეები.
PDF-ის ჩამოტვირთვა
კომუნიკაციის პრობლემები სოფლის მეურნეობაში-წყაროების ანალიზი
ირმა ჭოლაძე
22/05/2023
საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი საუკუნეებს ითვლის. 2 ათას წელზე მეტია, რაც ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს, არ დაუკარგავს აქტუალობა და მნიშვნელობა. ბოლო წლებში დარგის აქტუალობა გაიზარდა, რადგან დედამიწა დადგა პრობლემის წინაშე, როდესაც ადამიანებს შესაძლოა სურსათით მომარაგების დეფიციტი დაუდგეთ. სასურსათო უსაფრთხოების პრობლემამ და მომხმარებელთათვის გართულებულმა არჩევანმა ორგანულ და გენმოდიფიცირებულ საკვებს შორის, კაცობრიობა სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის მნიშვნელობის ხაზგასმისა და მისი განვითარებისთვის ხელშეწყობის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება კი, ისევე როგორც სხვა დარგების, წარმოუდეგენელია კომუნიკაციის გარეშე. ვიდრე შევისწავლით თუ რა მდგომარეობაა ქართველ მეწარმეებში საკომუნიკაციო უნარების ფლობის და გამოყენების თვალსაზრისით, აუცილებელია გამოვიკვლიოთ არსებობს თუ არა სამეცნიერო შრომები ამ მიმართულებით და რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ აღნიშნულ ნაშრომებში მკვლევრები. წინამდებარე ნაშრომი ეყრდნობა თვისებრივ მეთოდოლოგიას, კერძოდ, ე.წ. სამაგიდო კვლევას. ჩვენ შევისწავლეთ რეფერირებად და ლიცენზირებულ საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები, რომლებიც აგროკომუნიკაციის თემას ეხება. აქამდე არსებული ვითარების ანალიზით კი მივედით გარკვეულ დასკვნებამდე. ჩვენი მთავარი მიზანი იყო სოფლის მეურნეობის დარგის კომუნიკაციის აქტუალური პრობლემების გამოვლენა, რისთვისაც გამოვიყენეთ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდები. ჯამში გამოვიკვლიეთ 5 უცხოური სამეცნიერო სტატია და 1 ქართული სახელმძღვანელო. მონაცემთა შესაგროვებლად გამოვიყენეთ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები, სადაც საკვანძო სიტყვების ინგლისურ ენაზე მითითებით მივაკვლიეთ რაოდენობრივად ცოტა, თუმცა საინტერესო სტატიებს. მონაცემების შეგროვებისას გარკვეულ სირთულეს წავაწყდით, რაც უკავშირდებოდა ჩვენს საკვლევ თემაზე სამეცნიერო პუბლიკაციების სიმწირეს. ჩვენს მიერ მიმოხილული კვლევები ადასტურებს საკომუნიკაციო უნარების მნიშვნელობას დარგის განვითარებაში. კვლევების თანახმად კომუნიკაციის უნარის გარდა აგროკომუნიკატორებს მოეთხოვებათ თავად დარგის-სოფლის მეურნეობის შესახებ საბაზისო ცოდნა და ისეთი პიროვნული და პროფესიული თვისებები, როგორიცაა საიმედოობა, პასუხისმგებლობა, ეთიკა, წერის, ზეპირად კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის, ასევე სოციალურ ქსელებში მუშაობის უნარები.
PDF-ის ჩამოტვირთვა
სააღსრულებო სისტემა საქართველოში და დღევანდელი გამოწვევები
ნინო გოგელაშვილი
22/05/2023
წინამდებარე ნაშრომში საუბარია ქართული სამართლის ისტორიაში აღსრულების როლზე, საქართველოში სააღსრულებო სისტემის განვითარების ისტორიასა და დღეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების შესახებ საუბრისას ყურადღება გამახვილდეს არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, არამედ მის აღსრულებაზე, როგორც პროცესის დამაგვირგვინებელ რგოლზე. აღსრულების დროული და სამართლიანი უზრუნველყოფისთვის კი ძალზედ მნიშვნელოვანია სააღსრულებო სისტემის გამართულობა, რაც პირველ რიგში გამოიხატება სააღსრულებო პროცესის ეფექტურობითა და გამჭვირვალობით. ეფექტიანი სააღსრულებო სისტემა მართლმსაჯულების არსებობის ერთადერთი და უპირობო გარანტიაა. ნაშრომში განხილულია სააღსრულებო სისტემის დანიშნულება, განვითარება, კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი; სტატია პასუხობს კითხვას, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოში დღეს მოქმედი სისტემა თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტს.