ავტორი : ირმა ჭოლაძე 22/05/2023
საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი საუკუნეებს ითვლის. 2 ათას წელზე მეტია, რაც ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს, არ დაუკარგავს აქტუალობა და მნიშვნელობა. ბოლო წლებში დარგის აქტუალობა გაიზარდა, რადგან დედამიწა დადგა პრობლემის წინაშე, როდესაც ადამიანებს შესაძლოა სურსათით მომარაგების დეფიციტი დაუდგეთ. სასურსათო უსაფრთხოების პრობლემამ და მომხმარებელთათვის გართულებულმა არჩევანმა ორგანულ და გენმოდიფიცირებულ საკვებს შორის, კაცობრიობა სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის მნიშვნელობის ხაზგასმისა და მისი განვითარებისთვის ხელშეწყობის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება კი, ისევე როგორც სხვა დარგების, წარმოუდეგენელია კომუნიკაციის გარეშე. ვიდრე შევისწავლით თუ რა მდგომარეობაა ქართველ მეწარმეებში საკომუნიკაციო უნარების ფლობის და გამოყენების თვალსაზრისით, აუცილებელია გამოვიკვლიოთ არსებობს თუ არა სამეცნიერო შრომები ამ მიმართულებით და რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ აღნიშნულ ნაშრომებში მკვლევრები.
წინამდებარე ნაშრომი ეყრდნობა თვისებრივ მეთოდოლოგიას, კერძოდ, ე.წ. სამაგიდო კვლევას. ჩვენ შევისწავლეთ რეფერირებად და ლიცენზირებულ საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები, რომლებიც აგროკომუნიკაციის თემას ეხება. აქამდე არსებული ვითარების ანალიზით კი მივედით გარკვეულ დასკვნებამდე. ჩვენი მთავარი მიზანი იყო სოფლის მეურნეობის დარგის კომუნიკაციის აქტუალური პრობლემების გამოვლენა, რისთვისაც გამოვიყენეთ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდები. ჯამში გამოვიკვლიეთ 5 უცხოური სამეცნიერო სტატია და 1 ქართული სახელმძღვანელო. მონაცემთა შესაგროვებლად გამოვიყენეთ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები, სადაც საკვანძო სიტყვების ინგლისურ ენაზე მითითებით მივაკვლიეთ რაოდენობრივად ცოტა, თუმცა საინტერესო სტატიებს. მონაცემების შეგროვებისას გარკვეულ სირთულეს წავაწყდით, რაც უკავშირდებოდა ჩვენს საკვლევ თემაზე სამეცნიერო პუბლიკაციების სიმწირეს.
ჩვენს მიერ მიმოხილული კვლევები ადასტურებს საკომუნიკაციო უნარების მნიშვნელობას დარგის განვითარებაში. კვლევების თანახმად კომუნიკაციის უნარის გარდა აგროკომუნიკატორებს მოეთხოვებათ თავად დარგის-სოფლის მეურნეობის შესახებ საბაზისო ცოდნა და ისეთი პიროვნული და პროფესიული თვისებები, როგორიცაა საიმედოობა, პასუხისმგებლობა, ეთიკა, წერის, ზეპირად კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის, ასევე სოციალურ ქსელებში მუშაობის უნარები.