სექტორული პოლიტიკის გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე (საქართველოს მაგალითზე)
ავტორი : სოფიო გაბელაია 08/04/2026
სექტორული პოლიტიკა განიმარტება, როგორც სახელმწიფოს ფუნქციონირების და მართვის ფორმა, რომელიც გულისხმობს ეროვნული ინტერესების მიღწევას კონკრეტული მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიის გატარების გზით. სახელმწიფოები სექტორული პოლიტიკის დანერგვას და განვითარებას ხელს უწყობენ გლობალური კონკურენციისთვის გამკლავების მიზნით, რაც თავის მხრივ იწვევს ეკონომიკის მოდერნიზაციას— ინდუსტრიის განვითარებას, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას, სახელმწიფო სერვისების დახვეწას, სამუშაო ადგილების ზრდას და ა.შ.
საერთაშორისო ურთიერთობების კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე მარტივია მისი ინტეგრირება სექტორულ პოლიტიკაში. უსაფრთხოება, ეკონომიკა, სამართალი, გარემოს დაცვა, განათლება, ეკოლოგია, რელიგია, კულტურა... ეს იმ სექტორების არასრული ჩამონათვალია, სადაც ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა გაითვალისწინოს საერთაშორისო სტანდარტები, პრაქტიკა, გამოცდილება და საჭიროებები სექტორული პოლიტიკის დაგეგმვისა და გატარების ეტაპზე. ასევე, გააღრმავოს თანამშრომლური ურთიერთობა დარგობრივ დონეზე და მოარგოს მართვის მოდელი არსებულ საუკეთესო პრაქტიკას (Best practice).
იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის მთავარი მიზანია გამოაჩინოს სექტორული პოლიტიკის გავლენა ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებზე, მთავარ კითხვებზე ამომწურავი პასუხის მიღების და საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, კვლევის მეთოდად გამოყენებულ იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდი, რომელიც მოიცავს ნორმატიულ/თეორიულ და ემპირიულ ნაწილებს.
კვლევის ემპირიულ ნაწილში, ღია კითხვებზე დაყრდნობით, ნახევრად სტრუქტურირებული სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა ექსპერტთან და სტრატეგიის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილესთან ბატონ გოგიტა ღვედაშვილთან, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს სახელმწიფოს სექტორული პოლიტიკის როლზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში.
კვლევის მიგნებები აჩვენებს, რომ პატარა სახელმწიფოები, ისეთი როგორიც საქართველოა, შესაძლოა არ იწვევდეს განსაკუთრებულ ინტერესს დიდ და ჰეგემონ სახელმწიფოებში ან/და გაერთიანებებში, თუმცა დარგობრივი მიმართულებით საგარეო კონტაქტების გაძლიერება, სხვადასხვა ფორმატის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა სწორედ ასეთი ქვეყნებისთვის არის პოტენციალის ჩვენების, ცნობადობის გაზრდის და შესაძლებლობების გაძლიერების ერთგვარი საშუალება.
წარმოდგენილი კვლევა იძლევა საშუალებას სექტორული პოლიტიკა დაგვანახოს ახლებური რაკურსით, როგორც სახელმწიფოთა შესაძლებლობა განავითარონ და გააღრმავონ საერთაშორისო ურთიერთობები რეგიონის და მსოფლიოს დონეზე სექტორული პოლიტიკის გავლით.
საკვნაძო სიტყვები: სტრატეგია, ეროვნული ინტერესები, საერთაშორისო თანამშრომლობა, საქართველო, კატარი.
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/YPXC6975