ერთგულების ფიდუციური ვალდებულება

ავტორი : გიორგი მუკბანიანი 23/10/2026

ერთგულების ფიდუციური მოვალეობა თანამედროვე საკორპორაციო სამართლის სისტემის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და დირექტორთა ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და რეგულირების ძირითად სამართლებრივ მექანიზმად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინსტიტუტი ინგლისურ და ამერიკულ საკორპორაციო სამართალში ცენტრალურ ადგილს იკავებს, მისი შინაარსობრივი სტრუქტურა მნიშვნელოვნად განვითარდა ამერიკის სამართლის ინსტიტუტის (American Law Institute (ALI)) მიერ მომზადებული Restatement of the Law, Corporate Governance (2022)-ის გამოქვეყნების შემდეგ.

სტატიის მიზანია ერთგულების ფიდუციური მოვალეობის თანამედროვე კონცეფციის გაანალიზება და მისი მნიშვნელობის შეფასება ქართული საკორპორაციო სამართლის მიერ აღიარებული პრინციპებისა და რეგულაციების კონტექსტში. აღნიშნული საკითხის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკული საკორპორაციო სამართლის განვითარება და მის ფარგლებში ჩამოყალიბებული დოქტრინები მნიშვნელოვან შედარებით და სამართლებრივ საფუძველს ქმნის ქართული საკორპორაციო სამართლის ინტერპრეტაციისა და შემდგომი განვითარებისთვის. კვლევა ეფუძნება კონტენტ-ანალიზის, შედარებით-სამართლებრივი და ისტორიული კვლევის მეთოდებს. სტატიაში გაანალიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების, კონტინენტური ევროპის, განსაკუთრებით გერმანული სამართლისა  და საქართველოს სამართლებრივი მიდგომები, რომლებიც დირექტორთა ფიდუციურ მოვალეობებს, ინტერესთა კონფლიქტს, სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლებასა (Business Judgment Rule) და კორპორაციულ მმართველობას შეეხება.

წინამდებარე სტატიით განისაზღვრა, რომ The Restatement of the Law, Corporate Governance (2022) არ აყალიბებს ახალ ფიდუციურ ვალდებულებებს, არამედ  სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ერთგულების ფიდუციურ ვალდებულებებთან დაკავშირებულ დოქტრინებს ერთიან და თანმიმდევრულ სტრუქტურულ სისტემაში აერთიანებს. ამასთანავე, კეთილსინდისიერებას, ცნობილი როგორც good-faith ერთგულების ფიდუციური მოვალეობის შემადგენელ სუბსიდიურ მოვალეობად აღიარებს, ხოლო სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლებას (Business Judgment Rule) განმარტავს, როგორც სასამართლო კონტროლის სტანდარტს და არა მხოლოდ ზრუნვის მოვალეობის კომპონენტს. შედარებით სამართლებრივმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ქართული საკორპორაციო სამართალი ერთგულების ფიდუციური მოვალეობის არაერთ კომპონენტს მოიცავს, თუმცა ეს კომპონენტები სხვადასხვა სამართლებრივ ნორმებში ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი. ერთგულების ფიდუციური მოვალეობა თანამედროვე საკორპორაციო სამართალში ინტერესთა კონფლიქტის აღმოჩენისა და რეგულირების როგორც სამართლებრივ, ასევე შინაარსობრივ საფუძველს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, The Restatement of the Law, Corporate Governance (2022) ფიდუციური მოვალეობების სისტემატიზაციის მნიშვნელოვან მოდელს წარმოადგენს, რომელიც ერთგულების მოვალეობის თანამედროვე კონცეფციის თანმიმდევრულ განმარტებასა და ინტერესთა კონფლიქტის რეგულირების ერთიანი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

საკვანძო სიტყვები: ფიდუციური ვალდებულებები, ერთგულების ფიდუციური ვალდებულება, სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლება, ინტერესთა კონფლიქტი, საქართველოს საკორპორაციო სამართალი.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/HPZM9446

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი