თანამედროვე ბიზნესის მართვის სტრატეგიები: ციფრული მარკეტინგის ტენდენციები და საქართველოში არსებული პრაქტიკის ანალიზი
ავტორი : გიული გიგუაშვილი, გიორგი მთვარელიძე, მარიამ სადაღაშვილი 30/06/2026
წარმატებული ბიზნესის მართვაში განსაკუთრებით ადგილი უკავია ინოვაციური სტრატეგიის შერჩევას და განხორციელებას. ბიზნესის მართვის სტრატეგიები მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდიან, რაც ძირითადად გამოწვეულია ტექნოლოგიური პროგრესით, გლობალიზაციის გაძლიერებით, ბაზრის მზარდი კონკურენციით და სხვა. კომპანიები იძულებული არიან დანერგონ ინოვაციური მიდგომები, რათა შეინარჩუნონ კონკურენტული უპირატესობა და ადაპტირდნენ სწრაფად ცვალებად ბაზარზე.
კვლევის მიზანია ციფრული მარკეტინგისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიების ანალიზი თანამედროვე ბიზნეს გარემოში, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის შეფასება და საქართველოში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება.
კვლევა ეფუძნება რაოდენობრივი გამოკითხვის შედეგებს და არსებული ლიტერატურის შედარებით ანალიზს, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, თუ რამდენად ეფექტიანია ციფრული მარკეტინგი, როგორია მომხმარებელთა ნდობის ხარისხი და რა გამოწვევები არსებობს თანამედროვე ბიზნესში.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თანამედროვე ბიზნესისთვის, თუმცა მომხმარებელთა ნდობის დაბალი დონე და პერსონალიზებული რეკლამების არაეფექტიანობა კვლავ გამოწვევად რჩება. გამოკითხულთა უმრავლესობა ინფორმაციის მიღებისთვის სოციალურ ქსელებსა და საძიებო სისტემებს იყენებს, რაც ხაზგასმით მიუთითებს ბიზნესებისთვის ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიის გამართვის აუცილებლობაზე. პერსონალიზებული რეკლამების მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. პერსონალიზაცია მომხმარებელთა ნაწილს მოსწონს, თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ მომხმარებელში ის უნდობლობას იწვევს. კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ ციფრული მარკეტინგის მომავალზე გავლენას მოახდენს რეგულაციები, რაც ბიზნესებს უბიძგებს უფრო გამჭვირვალე და ეთიკური მიდგომებისკენ.
სამეცნიერო ნაშრომი განსაზღვრავს რეკომენდაციებს ციფრული მარკეტინგის გაუმჯობესებისთვის, რაც მოიცავს მომხმარებელთა ნდობის ამაღლებას, პერსონალიზაციის დახვეწას, მრავალარხიანი კომუნიკაციის სტრატეგიების განვითარებასა და კონფიდენციალურობის დაცვას. მიღებული შედეგები სასარგებლო იქნება ბიზნესებისთვის, რომლებიც ციფრული მარკეტინგის გამოყენებას განიხილავენ როგორც კონკურენტული უპირატესობის გაძლიერების საშუალებას.
საკვანძო სიტყვები: ბიზნესის მართვის სტრატეგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, ციფრული მარკეტინგი, ხელოვნური ინტელექტი.
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/BJGL5550