ემიგრანტი მშობლების შვილები; ფსიქო-სოციალური კეთილდღეობა ასაკობრივ და გენდერულ ჭრილში

ავტორი : ნინო ქიტოშვილი, თათია უნნერმარკ 29/06/2026

მშობელთა შრომითი მიგრაცია საქართველოში კვლავ რჩება მნიშვნელოვან ფსიქო-სოციალურ გამოწვევად, რომელსაც არსებითი გავლენა აქვს მოზარდთა განვითარებასა და კეთილდღეობაზე. წინამდებარე კვლევაში, შერეული მეთოდოლოგიური დიზაინის გამოყენებით, ასაკობრივ და გენდერულ კონტექსტში შესწავლილ იქნა მიგრანტი მშობლების შვილების ფსიქო-სოციალური კეთილდღეობა, მედეგობა, თვითშეფასება და ნეგატიური შეფასების შიში. რაოდენობრივი მონაცემები შეგროვდა 89 მოზარდისგან (ასაკი 12–18 წელი, მათ შორის 22 მიგრანტის შვილი), რასაც თან ახლდა თვისებრივი ექსპერტული ინტერვიუები 8 ფსიქოლოგთან. დამოუკიდებელი შერჩევების t-ტესტმა აჩვენა, რომ მიგრანტი და არამიგრანტი მშობლების შვილებს შორის არ ვლინდება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ფსიქო-სოციალური კეთილდღეობის (p = .566), მედეგობის (p = .750) ან ნეგატიური შეფასების შიშის (p = .693) თვალსაზრისით. თუმცა, მიგრანტი მშობლების შვილებმა გამოავლინეს მნიშვნელოვნად დაბალი თვითშეფასება (p = .032). თვისებრივმა მიგნებებმა ხაზი გაუსვა დატოვებული მოზარდების მწვავე ემოციურ მოწყვლადობას და ნათელი მოჰფინა იმას, თუ როგორ ცვლის ემოციურ გამოცდილებას დედის მიგრაცია მამის მიგრაციასთან შედარებით. თეორიულ დონეზე, ეს კვლევა ამდიდრებსს მიგრაციის შესახებ არსებულ ლიტერატურას დედის ყოფნის, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურული „ბუფერის“ იდენტიფიცირებით, რომელიც საქართველოში მამის არყოფნის პირობებში მოზარდის კეთილდღეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ემპირიულად კვლევა აჩვენებს, რომ კეთილდღეობის სტანდარტიზებულმა სკალებმა შესაძლოა ვერ დააფიქსირონ ინტერნალიზებული (შინაგანი) სტრესი, რაც თვითშეფასებას წარმოაჩენს ოჯახის სტრუქტურული ცვლილებების პირველად, მგრძნობიარე ინდიკატორად. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს მიგნებები სთავაზობს ემპირიულ საფუძველს სკოლის ფსიქოლოგებს, რეგიონულ მზრუნველობის ქსელებსა და პოლიტიკის შემქმნელებს მიზნობრივი, კულტურულად სენსიტიური ფსიქო-სოციალური ინტერვენციების შესამუშავებლად, რომლებიც მხარს დაუჭერენ სამშობლოში დარჩენილ ბავშვებს და მათ მზრუნველებს.

საკვანძო სიტყვები: მშობელთა მიგრაცია, მოზარდები, რისკ-ფაქტორები, დამცავი ფაქტორები, საქართველო.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/ZDNK7060

 

 

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი