მოკლევადიანი ინტერდისციპლინური კოლაბორაციული სწავლება მიზნობრივი ინგლისურის კონტექსტში: მიკრო-ექსპლორაციული კვლევა

ავტორი : დოდო კარანაძე, ინგა დოლიძე 29/06/2026

წინამდებარე კვლევის საგანია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილი აკადემიური მიზნებისთვის ინგლისურის (EAP) სწავლების მოკლევადიანი, ინტერდისციპლინური და კოლაბორაციული მოდელი.

სოციოკულტურულ, ინტერაქციონისტულ და დავალებაზე დაფუძნებული პედაგოგიკის თეორიულ ჩარჩოებზე დაყრდნობით, ნაშრომის მიზანია დადგინოს, შესაძლებელია თუ არა მოკლე სასწავლო ინტერვენციის ფარგლებში ინტერდისციპლინური კოლაბორაციული დავალებების გამოყენებით გაზომვადი ინტერაქციული და ლინგვისტური შედეგების მიღწევა.

კვლევაში ჩართული იყო სხვადასხვა აკადემიური დისციპლინის რვა ბაკალავრიატის სტუდენტი, რომლებმაც ოთხსაათიანი საკლასო ინტერვენციის ფარგლებში კოლაბორაციულად შეიმუშავეს თბილისში ერთდღიანი ეკომოგზაურობის გეგმა და წარადგინეს იგი პრეზენტაციის ფორმით.

მონაცემები შეგროვდა ანალიტიკური რუბრიკების, საკლასო პროცესზე დაკვირვების, ენობრივი ეპიზოდების ინტერაქციული ანალიზისა და მნიშვნელობის შეთანხმების პროცესების შესწავლის საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა არ იძლევა ენის გრძელვადიანი ათვისების შესახებ დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას, მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ მოკლევადიან კოლაბორაციულ დავალებებს შეუძლია აკადემიური მიზნებისთვის ინგლისურის სწავლების პროცესში შექმნას გარემო, რომელიც სტუდენტებს უბიძგებს საკუთარი აზრების უფრო ზუსტად და არგუმენტირებულად გამოხატვისკენ, ასევე ხელს უწყობს მათ შორის შინაარსობრივ და მიზანმიმართულ ინტერაქციას.

კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ ინტერდისციპლინური ჯგუფების ფორმირება მონაწილეთა წინარე ცოდნის მრავალფეროვნებას დაბრკოლებად კი არ აქცევს, არამედ მას საკლასო სწავლების მნიშვნელოვან რესურსად გარდაქმნის. განსხვავებული აკადემიური გამოცდილება და პერსპექტივები ამდიდრებს თანამშრომლობით პროცესს, აძლიერებს ცოდნის ურთიერთგაზიარებას და ხელს უწყობს უფრო ეფექტიანი სასწავლო გამოცდილების შექმნას.

საკვანძო სიტყვები:თანამშრომლობითი პედაგოგიკა, აკადემიური ინგლისური, დავალებაზე დაფუძნებული ინსტრუქცია, საკლასო კვლევა, თბილისი, საქართველო. 

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/HNPO1405

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი