სამკვიდროს მიღების სამართლებრივი რეგულირება
ავტორი : გურანდა მისაბიშვილი 29/06/2026
წინამდებარე სტატია ეხება საქართველოში სამკვიდროს მიღების სამართლებრივ რეგულირებას, პროცედურებსა და ვადებს, განსაკუთრებული აქცენტით სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღების ინსტიტუტზე. კვლევის აქტუალობა განპირობებულია მოქმედი რეგულირების პრაქტიკული არაეფექტიანობით, რაც განსაკუთრებით ვლინდება ექვსთვიანი ვადის გამოყენებისა და ფაქტობრივი ფლობის დადასტურების პროცესში. კვლევა ეფუძნება ნორმატიულ-სამართლებრივ, დოგმატურ-სამართლებრივ და შედარებით-სამართლებრივ მეთოდებს. დამატებით გამოყენებულია სასამართლო და სანოტარო პრაქტიკის ანალიზი, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს მოქმედი რეგულაციების რეალური ფუნქციონირება პრაქტიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექვსთვიანი ვადა რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს მემკვიდრეთა უფლებების ეფექტიან რეალიზაციას, რაც ზრდის უფლებების დაკარგვისა და სასამართლო დავების რისკს. ასევე გამოვლინდა, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღების დადასტურება პრაქტიკაში ხშირად დაკავშირებულია მტკიცების სირთულეებთან და საჭიროებს სასამართლო ჩარევას. აღნიშნული გარემოებები ზრდის დროით და ფინანსურ დანახარჯებს. შედარებით-სამართლებრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ რიგ სამართლებრივ სისტემებში ნოტარიუსის გაფართოებული უფლებამოსილება ამარტივებს სამკვიდროს მიღების პროცესს და ამცირებს სასამართლო ჩარევის საჭიროებას. შესაბამისად, მიზანშეწონილია საქართველოში სამკვიდროს მიღების ვადებისა და ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღების ინსტიტუტის სამართლებრივი რეგულირების გადახედვა, მათი პრაქტიკასთან ჰარმონიზაცია და პროცედურული მოქნილობის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს მემკვიდრეთა უფლებების უფრო ეფექტიან დაცვას.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, სამკვიდრო, ფაქტობრივი ფლობა, სამემკვიდრეო ვადები.
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/GXOY4880