აშშ-ის მხარდაჭერა ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში
ავტორი : მარიამ ხაჟომია 06/02/2026
აღნიშნული კვლევა სწავლობს აშშ-ს როლს ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო-ში) გაწევრიანების პროცესში 1990-იან წლებში. ძირითადი კვლევითი კითხვა ეხება იმას, თუ რატომ შეუწყო აშშ-მ ხელი ჩინეთის ინტეგრირებას მსო-ში, ქვეყნის სწრაფად მზარდი ეკონომიკური პოტენციალისა და მილიარდზე მეტი მოსახლეობის მიუხედავად. აღნიშნული საკითხის კვლევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გარემოების ფონზე, რომ 90-იან წლებში მიღებული გადაწყვეტილება დღემდე განსაზღვრავს სინო-ამერიკულ ურთიერთობებს. მორიგი დამსახურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ აკადემიურ სივრცეში, აღნიშნული საკითხის ირგვლივ არანაირი ლიტერატურა არ მოიპოვება კვლევა ეფუძნება თვისებრივ მეთოდებს და მრავალფეროვან წყაროებს: სამთავრობო ანგარიშებს, კონგრესის დოკუმენტებს, ექსპერტების ინტერვიუებს, მემუარებს, ოფიციალურ სტატისტიკასა და მედია წყაროებს. ანალიზი განხორციელდა კონტენტ-ანალიზის, დისკურსული ანალიზის, ისტორიული ანალიზისა და შემთხვევათა შესწავლის საშუალებით. ასევე გამოყენებულ იქნა ჩაღრმავებული ინტერვიუ კვლევაში აღწერილ პროცესებში უშუალოდ ჩართულ პირთან. კვლევის მიგნებები მიუთითებს, რომ აშშ-ს პოლიტიკა ჩინეთის მიმართ განიცდიდა შიდასახელმწიფოებრივი და გარე ფაქტორების ზემოქმედებას, რომელთა გავლენის ქვეშ შემუშავდა საგარეო პოლიტიკური კურსი, რომლის უმთავრეს მიზნებს კონკურენტებისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის შეზღუდვა, ჩინეთზე ზეგავლენის მოხდენა, მისი წესებზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში გაწევრიანებით და აშშ-ს ეკონომიკური უპირატესობის შენარჩუნება წარმოადგენდა. აღნიშნული ნაშრომი იძლევა მნიშვნელოვან ხედვას სინო-ამერიკული ურთიერთობების დინამიკის, გადაწყვეტილების მიღების კომპლექსურობისა და წარსულის ანალიზის მნიშვნელობაზე აწმყოსა და მომავალში.