საბჭოური რეალობის, როგორც კოლექტიური ტრავმის ინსპირაციის, ლიტერატურული რეფლექსია (ოთარ ჩხეიძის „გამოცხადებაი“)
ავტორი : მარიამ მირესაშვილი 06/02/2026
ქართულ ლიტერატურულ დისკურსში ტრავმული მეხსიერების, როგორც საბჭოური ტოტალიტარული რეჟიმის მემკვიდრეობის გამოვლენის კვლევა, ძალზედ მნიშვნელოვანია. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდგომ (1991წ.), ქართულ მწერლობას (ცხადია, ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენლებთან ერთად), ობიექტურად უნდა შეეფასებინა მნიშვნელოვანი სოციოკულტურული მოვლენა - კოლონიური სისტემის დაშლა და პოსტკოლონიური სივრცის შექმნა; გაეაზრებინა საბჭოური რეალობის, როგორც კოლექტიური ტრავმის ინსპირაციის, კონცეპტები. იმის გათვალისწინებით, რომ 1990-იან წლებამდე საქართველო საბჭოთა იმპერიის/სსრკ-ს ერთ-ერთ მოკავშირე რესპუბლიკას წარმოადგენდა, აღნიშნული პერიოდის ქართულ მწერლობაში ტრავმული მეხსიერების, კოლექტიური ტრავმის მახასიათებლები უფრო „რუსულ კვალს“ მიყვება. ამ საკითხს დაწვრილებით შევეხებით ოთარ ჩხეიძის რომანზე - „გამოცხადებაი“ - მსჯელობისას; არგუმენტირებულად წარმოვაჩენთ, რომ ავტორი ერის კულტურულ/კოლექტიურ ტრავმად განიხილავს 1956 წლის 9 მარტს დატრიალებულ ტრაგედიას - მშვიდობიანი მომიტინგეების დახვრეტას ტოტალიტარული რეჟიმის მიერ. ამ ფაქტმა, როგორც კოლექტიური ტრავმის გამოვლენამ, კარდინალურად შეცვალა საქართველოს პოლიტიკურსოციალური ცხოვრების ფუნდამენტური პრინციპები, დაარღვია ადამიანთა შორის არსებული კავშირები, შეასუსტა სოციალური ერთობა. კვლევამ წარმოაჩინა, რომ აღნიშნულ პერიოდში შექმნილი ნარატივების განლაგებით მათ სპეციფიკურ ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში, რელევანტური პასუხი გაეცემა კითხვას, თუ როგორ ახდენდა გავლენას გარე ფაქტორები კოლექტიური ტრავმის წარმოდგენაზე და როგორ შეუწყო ხელი ამ ნარატივებმა ქართულ საზოგადოებაში ფართო სოციალურ დიალოგს.