ხელოვნური ინტელექტი და გლობალური უსაფრთხოების კონცეპტუალური ჩარჩო
ავტორი : ლევან კალატოზიშვილი 26/12/2025
სტატიის აბსტრაქტი
ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია უსაფრთხოების სისტემებში აღიქმება არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციად, არამედ ფაქტორად, რომელიც შეცვლის გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ინსტიტუციურ ჩარჩოებს და სტრატეგიულ სტაბილურობას. არსებული ლიტერატურა ძირითადად ფოკუსირდება AI-ის ოპერატიულ შესაძლებლობებზე, როგორიცაა ავტომატიზაცია, ეფექტიანობა და საფრთხეების პროგნოზირება, თუმცა ნაკლებ ყურადღებას უთმობს პოლიტიკურ, ინსტიტუციურ და ნორმატიულ შედეგებს, განსაკუთრებით საკითხს, როგორ ცვლის AI უსაფრთხოების სუბიექტებს და ტრადიციულ მმართველობის მექანიზმებს. ნაშრომის მიზანია გააანალიზოს AI-ის როლი თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებში და შეაფასოს მისი გავლენა სახელმწიფოების სამხედრო დოქტრინებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების მმართველობაზე.
კვლევა ეფუძნება ხარისხობრივ, თეორიულ-ანალიტიკურ დიზაინს და აერთიანებს სამ ძირითად მეთოდს: (1) თეორიული ანალიზი – განხილულია AI-ის კონცეფციები, ინტეგრაცია სამხედრო, სტრატეგიულ და პოლიტიკურ სისტემებში და აკადემიური ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა; (2) დოკუმენტური ანალიზი – ანალიზი ჩატარდა აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთის სამხედრო დოქტრინებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების (NATO, UN, EU) ანგარიშებზე; (3) შედარებითი ანალიზი – გამოკვლეულია აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის მიდგომები AI-ის ინტეგრაციაში, აღინიშნა სტრატეგიული განსხვავებები და გავლენა გლობალურ უსაფრთხოებაზე.
ანალიზმა აჩვენა, რომ AI აჩქარებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ცვლის პასუხისმგებლობის განაწილების ლოგიკას და გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების ხარისხზე უსაფრთხოების სფეროში. AI არ ანაცვლებს სრულად ადამიანურ აქტორებს, თუმცა ზრდის ესკალაციის რისკებს, წარმოშობს ნორმატიულ და ინსტიტუციურ გამოწვევებს და ართულებს სტრატეგიული სტაბილურობის შენარჩუნებას არსებული სამართლებრივი ჩარჩოებით. შედარებითი ანალიზი აჩვენებს განსხვავებულ სახელმწიფოებრივ სტრატეგიებს AI-ის გამოყენების მიმართულებით, რომლებიც გამოხატავენ ტექნოლოგიურ ამბიციებს, ძალაუფლების მოხვეჭას, სამხედრო დომინაციას და გლობალური უსაფრთხოების სისტემაზე ზემოქმედებას.
AI წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების სისტემის სტრუქტურულ გარდამქმნელს, რაც საჭიროებს პოლიტიკის, ინსტიტუციური კონტროლის და საერთაშორისო რეგულირების ადაპტაციას. ნაშრომი ხაზს უსვამს, რომ AI-ის ინტეგრაცია მნიშვნელოვნად ცვლის სახელმწიფოების უსაფრთხოების დოქტრინებს და მმართველობის მექანიზმებს, რაც მოითხოვს კოორდინირებულ, ნორმატიულ და პოლიტიკურად ორიენტირებულ რეაგირებას.
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი, გლობალური უსაფრთხოება, სამხედრო ტექნოლოგიები, ავტონომიური სისტემები, სტრატეგიული სტაბილურობა
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/JBCH4786