არატრადიციული სასაქონლო ნიშნების განსაზღვრა: ევროკავშირისა და აშშ-ის ჩარჩო საქართველოსა და მსგავსი იურისდიქციებისთვის
ავტორი : ვასილი ქარსელაძე 26/12/2025
სტატიის აბსტრაქტი
2024 წელს საქართველომ გააუქმა სასაქონლო ნიშნების გრაფიკული გამოსახვის მოთხოვნა, რითაც გზა გაუხსნა არატრადიციული ნიშნების რეგისტრაციას, თუმცა ღიად რჩება საკითხი, რამდენად შორს უნდა ვრცელდებოდეს ასეთი დაცვა და რა პირობებით. ეს სტატია განიხილავს ამ რეფორმას სასაქონლო ნიშნების სამართლის ევოლუციის კონტექსტში და სვამს კითხვას, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოსა და მსგავს იურისდიქციებს აღიარონ არატრადიციული ნიშნები ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ მომხმარებელთა ინტერესებს, კეთილსინდისიერ კონკურენციას ან ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ერთიანობას.
კვლევა იყენებს დოქტრინალურ მეთოდოლოგიას, რომელიც აერთიანებს ისტორიულ და შედარებით ანალიზს. ის იკვლევს TRIPS-ის შეთანხმებას, ევროკავშირის კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას, ასევე აშშ-ის სასამართლოების უმთავრეს გადაწყვეტილებებს არატრადიციულ ნიშნებთან დაკავშირებით, აქცენტით შეძენილ განმასხვავებელ უნარსა და ფუნქციურობაზე. შემდეგ, სტატია აფასებს საქართველოს 2024 წლის ცვლილებებს და შეიმუშავებს ნორმატიულ მოდელს შემდგომი რეფორმისთვის.
პირველ რიგში, სტატია განმარტავს არატრადიციულ სასაქონლო ნიშანს, როგორც ნებისმიერ ნიშანს, რომელიც სცდება კლასიკურ ტიპოგრაფიულ და ორგანზომილებიან გრაფიკულ პარადიგმას, მაგრამ შეუძლია მიუთითოს კომერციულ წარმომავლობაზე და შესაძლებელია მისი საკმარისი სიცხადითა და სიზუსტით წარმოდგენა. მეორე, ის გამოყოფს სამ ძირითად დოქტრინალურ საყრდენს საქართველოსთვის: (ა) გამოსახვის სიცხადე და სიზუსტე, ზიკმანის კრიტერიუმების გათვალისწინებით; (ბ) შეძენილი განმასხვავებელი უნარის (მეორადი მნიშვნელობის) მტკიცე დოქტრინა, რომელიც გამყარებულია შესაბამისი საზოგადოებისგან მიღებული მტკიცებულებებით; და (გ) უტილიტარული და ესთეტიკური ფუნქციურობის ორმაგი კონცეფცია, რომელიც ხელს უშლის სასაქონლო ნიშნების სამართლისა და დიზაინის, საპატენტო და კონკურენციის სამართლის კოლიზიას. მესამე, სტატიას შემოაქვს არატრადიციული ნიშნების სისტემური კლასიფიკაცია სამ კატეგორიად: ვიზუალურად აღქმადი ნიშნები, უხილავი ორგანოლეპტიკური ნიშნები და ჰიბრიდული ნიშნები, და თითოეული მათგანისთვის გვთავაზობს რეგისტრაციის სარეკომენდაციო სტანდარტებს. იგი რეკომენდაციას უწევს სასაქონლო ნიშნის საკანონმდებლო დეფინიციის დაზუსტებას, ნიშნების დახურული სიის ღია საილუსტრაციო კატალოგად გარდაქმნას და ესთეტიკური ფუნქციონალურობის ფორმულირების დახვეწას, რათა აქცენტი ესთეტიკურ ღირებულებაზე გაკეთდეს.
სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მოდელი საქართველოსთვის ყველაზე შესაფერის მარეგულირებელ შაბლონს წარმოადგენს, ხოლო აშშ-ის პრაქტიკა ღირებულ ანალიტიკურ ინფორმაციას გვთავაზობს შემდომი განვითარებისთვის. გარდა ამისა, სტატია მოითხოვს დეტალური საექსპერტო სახელმძღვანელო მითითებებისა და მომხმარებელთა გამოკითხვების დანერგვას, როგორც მეორადი მნიშვნელობის სტანდარტულ მტკიცებულებას, და გვთავაზობს ჩარჩო-მოდელს, რომელიც შეიძლება მოირგონ სხვა მცირე იურისდიქციებმა, რომლებიც მსგავსი არჩევანის წინაშე დგანან.
საკვანძო სიტყვები: არატრადიციული სასაქონლო ნიშნები, შეძენილი განმასხვავებელუნარიანობა (მეორადი მნიშვნელობა), ესთეტიკური ფუნქციურობა, ზიკმანის კრიტერიუმები, ევროკავშირისა და აშშ-ის სასაქონლო ნიშნების შედარებითი სამართალი
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/VEDY2438