დეზინფორმაციის მექანიზმები ჰიბრიდულ კონფლიქტებში: რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოს შემთხვევაში

ავტორი : დავით ოსეფაშვილი 25/12/2025

სტატიის აბსტრაქტი

თანამედროვე ჰიბრიდულ კონფლიქტებში ინფორმაციული ზემოქმედება ფუნქციონირებს როგორც სამხედრო და დიპლომატიურ ინსტრუმენტებთან ინტეგრირებული ძალა, რომელიც მიზნად ისახავს გადაწყვეტილების ციკლის შეფერხებას, ნდობის ეროზიას და საჯარო დისკურსის ფრაგმენტაციას. წინამდებარე სტატია იკვლევს რუსეთის მიერ წარმოებული ინფორმაციული ოპერაციების განმეორებად მექანიზმებს რუსეთ-უკრაინის ომის (2014–დღემდე) და საქართველოს (2008–დღემდე) შემთხვევებში.

გამოყენებულია დოკუმენტური/თეორიული კვლევის დიზაინი და ხარისხობრივი შედარებითი ანალიზი. ემპირიული კორპუსი მოიცავს საერთაშორისო ინსტიტუტების ანგარიშებს, ფაქტჩეკინგ ორგანიზაციებისა და აკადემიური კვლევების შედეგებს, ასევე ღია მედიაწყაროებში დოკუმენტირებულ მაგალითებს. მასალა დამუშავდა თემატური კოდირებით ოთხ დონეზე: (1) ტექსტური/ლინგვისტური მანიპულაცია; (2) ვიზუალური მანიპულაცია და სინთეზური მედია; (3) ნარატიული ჩარჩოები და სტრატეგიული სიუჟეტები; (4) პლატფორმული ამპლიფიკაცია და კოორდინირებული არაავთენტური ქცევა.

ანალიზმა გამოავლინა, რომ ეფექტი მიიღწევა არა ერთჯერადი „ყალბი ამბის“ გავრცელებით, არამედ მექანიზმების ჯაჭვით: ნარატივის წარმოება (დელეგიტიმაცია/დემონიზაცია/მსხვერპლზე გადაბრალება), შემდეგ მისი მრავალარხიანი გამეორება („firehose of falsehood“), ბოტებისა და ტროლ-ქსელების მიერ ამპლიფიკაცია, და საბოლოოდ – ინსტიტუციური „ლაუნდერინგი“, რომელიც გზავნილს თითქოს „ჩვეულებრივ“ პოლიტიკურ პოზიციად აქცევს. უკრაინის შემთხვევაში ეს მექანიზმები უფრო მკვეთრად მუშაობს გარე აუდიტორიებზე (დახმარების „დაღლის“ და სკეპტიციზმის გაძლიერება), ხოლო საქართველოში — გრძელვადიან პოლარიზაციასა და დასავლური ინტეგრაციის დისკრედიტაციაზე.

კვლევა აჩვენებს, რომ ეფექტიანი წინააღმდეგობა საჭიროებს მრავალდონიან პოლიტიკას: პრევენციულ პრებანკინგს/ინოკულაციას, სტრატეგიულ კომუნიკაციას, მედიაწიგნიერების ინსტიტუციონალიზაციას და პლატფორმულ გამჭვირვალობას კოორდინირებული მანიპულაციის გამოვლენისა და შეზღუდვისთვის.

 

საკვნაძო სიტყვები: ინფორმაციული მანიპულაცია, FIMI, „ცეცხლოვანი შლანგი“, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა, სამხრეთ კავკასია.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/NPBP1786

 

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი