იპოთეკა, როგორც ფიზიკური პირის სახელზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება
ავტორი : ნათია რეხვიაშვილი 24/12/2025
სტატიის აბსტრაქტი
სტატია ეძღვნება იპოთეკის, როგორც სანივთო სამართლებრივი ინსტიტუტის სიღრმისეულ კვლევას. მასში განხილული იქნება სანივთო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპები და მოწესრიგების წესი, კერძოდ, ვიწროდ და ფუნდამენტურად იქნება განხილული იპოთეკის ინსტიტუტი, როგორც ფიზიკური პირის სახელზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.
თანამედროვე საქართველოს მანკიერ პრაქტიკას წარმოადგენს იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2018 წლის 21 ივლისს შევიდა ცვლილება, რომლითაც დაწესდა შეზღუდვა ფიზიკურ პირზე გაცემული სესხისთვის უზრუნველყოფის გამოყენებაზე, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა.
აღნიშნული შეზღუდვის შედეგად მივიღეთ პრაქტიკა, როდესაც იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად, მხარეები აფორმებენ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების ეს სახე მეტი რისკის შემცველია ქონების მესაკუთრისათვის, ვინაიდან მეტია იმის რისკი, რომ მან ქონება დაკარგოს.
სტატიის მიზანია შეისწავლოს სიღრმისეულად ეს საკითხი, გამიჯნოს ერთმანეთისგან იპოთეკა და გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული განხორციელდება სამეცნიერო ანალიზის შედეგად, რისთვისაც სტატიაში გამოყენებულ იქნა ნორმის განმარტების შედარებით-სამართლებრივი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მოხდა ქართული კანონმდებლობის შედარება საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობასთან. აგრეთვე გამოყენებულ იქნა ტელეოლოგიური მეთოდი, რომლის გამოყენებით დადგინდა კანონმდებლის რეალური ნება კოდექსში ცვლილების შეტანისას და ნორმის განმარტების ლოგიკური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც დადგინდა ის რეალური მიზეზები, რამაც განაპირობა საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
სტატია მიმოიხილავს სანივთო სამართალში არსებულ მნიშვნელოვან ნაშრომებს და შემოგვთავაზებს საკვლევი საკითხის სიღრმისეულ ანალიზს, პრობლემების წარმოჩინებისა და გადაჭრის შესაძლო გზებთან ერთად. შედეგად, საკითხით დაინტერესებული მეცნიერები და მკვლევარები დაინახავენ არსებულ პრობლემას. აგრეთვე სტატიის შედეგად გაცნობიერებულ იქნება კანონმდებლობის ის ნაკლოვანი მხარე, რომელიც ხელს უწყობს თვალთმაქცური გარიგებების გაფორმებას. ამასთან, სტატიაში შემოთავაზებულ იქნება საზღვარგარეთის ქვეყნების რამდენიმე მაგალითიც, რომელიც იძლევა შედარებითი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას.
დასკვნის სახით უნდა ითქვას ის, რომ საკანონმდებლო შეზღუდვა ფიზიკური პირის სესხის სასარგებლოდ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე უნდა მოიხსნას და მოქალაქეებს კვლავ უნდა მიეცეთ ამ სახის გარიგებების გაფორმების შესაძლებლობა.
სტატიის ძირითადი რეკომენდაციაა შემდეგი - საერთოდ ამოღებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რაც შედეგად გამოიწვევს ამავე ნორმის სხვა ქვეპუნქტების კერძოდ, მე-5 და მე-6 პუნქტების ამოღებას. შედეგად აღარ იქნება დაწესებული ფიზიკური პირის სესხის სასარგებლოდ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე შეზღუდვა.
საკვანძო სიტყვები: იპოთეკა, სესხი, სესხის უზრუნველყოფა, სამოქალაქო კოდექსი, ნოტარიუსი, საერთაშორისო პრაქტიკა
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/IMGZ1096