ემიგრაციის ეკონომიკური შედეგები, გამოწვევები და შესაძლებლობები
ავტორი : ეკატერინე გულუა 24/12/2025
სტატიის აბსტრაქტი
წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია გლობალურად და საქართველოში ემიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული ეკონომიკური შედეგების, გამოწვევების და შესაძლებლობების ანალიზი. მიგრაციასთან დაკავშირებული დეფინიციების და თეორიული მიმართულებების სისტემატიზაციის გარდა, ნაშრომში მოცემულია სამი საკვანძო მიმართულება: ემიგრაციის დადებითი და უარყოფითი შედეგები; ემიგრაციის გავლენის რაოდენობრივი ანალიზი; ემიგრაციის დეტერმინანტები და მიგრაციის მართვის პოლიტიკის ორიენტირები.
მიგრაციული პროცესის ანალიზისთვის ნაშრომზე მუშაობისას განხორციელდა მეორადი სამაგიდო კვლევა, სხვადასხვა თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომის გათვალისწინებით გაანალიზდა სამეცნიერო ლიტერატურა, საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციების (როგორიცაა: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაციის საპარტნიორო ფონდი, მსოფლიო ბანკი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ევროკავშირი, ფედერალური სარეზერვო სამსახური, საერთაშორისო შრომითი ორგანიზაცია და სხვ.) ოფიციალური მონაცემები, ანალიტიკური ნაშრომები, მათზე დაყრდნობით განხორციელდა რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი. გამოყენებული იქნა ინდუქციის, დედუქციის, შედარების დინამიკური ცხრილების ანალიზის და ეკონომეტრიკული მეთოდები.
საქართველოში მიგრაციის უარყოფითმა სალდომ 1960-2024 წწ. შეადგინა -2 060 239 კაცი (სამხრეთ კავკასიის ჯამური ნეტო მიგრაციის 61.3%). 1997-2024 წწ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჯამური პირადი გზავნილების საერთო ოდენობის 39% მოდის საქართველოზე. ნაშრომში, გათვლების საფუძველზე დადგინდა, რომ 2024 წლის პოტენციური მშპ-ის დანაკარგმა შეადგინა 5 900 631 474 აშშ დოლარი (მშპ-ის 17.5%). ამავე წელს პირადი გზავნილები 3 999 181 897 აშშ დოლარი იყო. 2002-2024 წლებში მიგრაციის კუმულატიური უარყოფითი შედეგი გაუტოლდა 18 869 509 404 აშშ დოლარს.
მიგრაციული პროცესების ტემპი და შედეგები საყურადღებოა. საჭიროებს სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, მთავრობის, სახელმწიფო ინსტიტუტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, ბიზნეს-სექტორის, აქტიური სამოქალაქო ჯგუფების კონსოლიდაციას.
საკვანძო სიტყვები: მიგრაციული პროცესები, ემიგრაციის დეტერმინანტები, ემიგრაციის გავლენა საქართველოზე, მიგრაციული პოლიტიკა
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/MUFL9130