საერთაშორისო და ეროვნული პროკურატურის როლი ICC-ის გადაწყვეტილებების აღსრულებაში

ავტორი : ლია ნახუცრიშვილი 19/12/2025

სტატიის აბსტრაქტი 

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პროკურორის შერჩევა მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სასამართლოს ლეგიტიმურობაზე, ეფექტურობასა და მიუკერძოებლობაზე. სტატიაში განხილულია რომის სტატუტით დადგენილ პროკურორის დანიშვნის პროცედურა, გაანალიზებულია სამართლებრივი ჩარჩო, პრაქტიკული განხორციელება და პოლიტიკური დინამიკა, რომელიც აყალიბებს პროცესს. გამოკვლეულია პროკურორთა არჩევის საკითხი, როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, ასევე სახელმწიფოთა დონეზე, გაანალიზებული და შედარებულია მსგავსებები, განსხვავებები. 

შესწავლილია ინსტიტუციური გამოწვევები, რომლებიც გამომდინარეობს პოლიტიკური ინტერესიდან  განპირობებულია შერჩევის პროცესის აღქმული პოლიტიზაციით, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას საერთაშორისო სისხლის სამართლის  სასამართლოს მიმართ. საუბარია პროკურატურის როლზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების პროცესში. მიმოხილულია სხვადასხვა სახელმწიფოს პროკურატურა, რაც გვეხმარება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურასთან პარალელების გავლებასა და მისი გამოწვევების აღმოფხვრაში. 

სტატიაში გამოკვლეულია ნორმატიული გამოწვევები, რომლებიც წარმოიშობა პოლიტიკური ჩარევით და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ნაკლებობით. კვლევის მიზანია პროკურატურის სტრუქტურის, ფუნქციების, უფლებამოსილებების, ოპერატიული გამოწვევების კრიტიკულად შესწავლა და შედარება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

კვლევაში გამოყენებულია შედარებით-სამართლებრივი კვლევის მეთოდი, რაც დაგვეხმარა სხვადასხვა სახელმწიფოს პროკურატურისა და ICC-ის პროკურატურის გამოკვლევასა და შედარებაში. ასევე გამოყენებულია დიალექტიკური კვლევის მეთოდი, რაც დაგვეხმარა სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ სისტემებისა და მოვლენების შესწავლაში, რთული მოვლენების ცალკეულ ელემენტებად დაყოფასა და მათი ურთიერთკავშირის შესწავლაში. აქვე აუცილებელია ვახსენოთ ლოგიკური კვლევის მეთოდი იურისპრუდენციაში, რადგან სახელმწიფოები, მათი სამართლებრივი სისტემები და სამართლებრივი ფენომენები შესწავლილია ლოგიკის გამოყენებით. ფუნქციური კვლევის მეთოდი კი დაგვეხმარა შეგვესწავლა სამართლებრივი ინსტიტუტებისა და სოციალური ფენომენების სხვადასხვა ფუნქციები, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ისინი ერთმანეთთან.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ICC გადაწყვეტილებების ეფექტური განხორციელება მოითხოვს საერთაშორისო და ეროვნულ პროკურორებს შორის აქტიურ და კოორდინირებულ ჩართულობას. არსებული პრობლემების დაძლევა მოითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორსა და ეროვნულ პროკურორებს შორის ურთიერთქმედების მექანიზმების გაძლიერებას, გადაწყვეტილებების აღსრულების ნორმატიული ინსტრუმენტების შემუშავებას, ასევე სახელმწიფო დონეზე საერთაშორისო სისხლის სამართლის პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას. აღსრულების წარმატება გარკვეულწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე, სამართლებრივი კულტურის დონეზე და ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზე. 

 

საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, პროკურატურა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/ZCQS3588

 

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი