სტრატეგიული მიგრაციის პოლიტიკა საქართველოში საბჭოთა ტოტალიტარიზმის დროს: სახელმწიფოს მიდგომები და განხორციელების პრაქტიკა
ავტორი : ირაკლი მანველიძე, ინეზა ზოიძე 05/12/2025
სტატიის აბსტრაქტი
სტატიაში შესწავლილია საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსახლეობის სტრატეგიული გადაადგილების სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ გატარებული მრავალფაქტორული მიგრაციული პოლიტიკის ნაწილი.
კვლევის მიზანია გაანალიზოს საბჭოთა სტრატეგიული მიგრაციული პოლიტიკა საქართველოში, როგორც შრომითი რესურსების გადანაწილებისა და რეგიონული კონტროლის ერთგვარი მექანიზმი და მისი გავლენა დემოგრაფიულ, სოციალურ და სივრცით განაწილებით პროცესებზე.
კვლევა ეფუძნება დოკუმენტურ და დისკურსულ ანალიზს, რომელიც იძლევა საბჭოთა სტრატეგიული მიგრაციული პოლიტიკის როგორც სახელმწიფოებრივი მმართველობის მნიშვნელოვანი მექანიზმის შესწავლის საშუალებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა საქართველოს დემოგრაფიულ და სოციალურ ლანდშაფტზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკოლოგიური საფრთხეები, განსაკუთრებით 1970-იანი და 1980-იანი წლების სტიქიური მოვლენები, ზოგჯერ გამოიყენებოდა გადაადგილების ლეგიტიმაციისთვის, მთავარი მიზნები იყო ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, შრომითი რესურსების განაწილება და რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება. კვლევა ეფუძნება სტრუქტურული მიგრაციის თეორიას, ეთნიკური მენეჯმენტის მოდელსა და ეკო-სოციალური სისტემების მიდგომას, რაც მიგრაციული პროცესების კომპლექსური გააზრების საშუალებას გვაძლევს.
კვლევის სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ნაშრომი მოიცავს არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის ეკოლოგიური საფუძვლებით განხორციელებულ განსახლებას როგორც ერთეულ და მთავარ მამოძრავებელ ფაქტორს, არამედ აერთიანებს გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და რეგიონულ ფაქტორებს ერთიან, სტრატეგიული მიგრაციის კონტექსტში.
საკვანძო სიტყვები: საქართველო; სტრატეგიული მიგრაცია; იძულებითი გადაადგილება; დემოგრაფიული ცვლილებები; რეგიონული პოლიტიკა.
DOI: https://doi.org/10.55367/JEEO2010