სამართლებრივი საკითხების რეპრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სოციალურ რეკლამებში

ავტორი : სოსო გაზდელიანი, ნინო ჭალაგანიძე 05/12/2025

სტატიის აბსტრაქტი

საზოგადოებრივი პრობლემების მედიაპრეზენტაცია სოციალური ვიდეორგოლების დახმარებითაა შესაძლებელი. ეს არის რეკლამის კეთილშობილური ფორმა, რომელიც უკეთესი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ყველა ღონეს მიმართავს. თანამედროვე მედიაში სოციალური რეკლამა საზოგადოების ცნობიერების მოდიფიცირებისა და ქცევითი მოდელების ფორმირების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება. კომერციული რეკლამისგან განსხვავებით, მისი მიზანი არა პროდუქტის, არამედ სოციალური ქცევის „გაყიდვაა“.

წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში (2005-2024 წწ.) გასული სამართლებრივი თემატიკის სოციალური რეკლამების სისტემურ, სიღრმისეულ და დისკურსულ ანალიზს. კვლევის მთავარი ამოცანაა დაადგინოს, რა თემებს, ნარატივებსა და ფუნქციებს ატარებს სოციალური რეკლამა და როგორ მონაწილეობს სამართლებრივი ცნობიერების, პასუხისმგებლობის კულტურისა და პროსოციალური ქცევითი მოდელების ფორმირებაში.

თეორიული ჩარჩო ეფუძნება მოდელირების, კულტურული დეტერმინიზმის, ფრეიმინგის, პრაიმინგისა და დღის წესრიგის თეორიებს. გამოყენებულია მრავალმეთოდიანი კვლევითი მიდგომა: შემთხვევისა და მეორეული წყაროების ანალიზი, რაოდენობრივი და თვისებრივი კონტენტ-ანალიზი, დისკურსული და ნარატიული ანალიზი, ვიზუალური ანალიზი. 

ორმოცდაექვსი (46) სოციალური ვიდეორგოლის შესწავლამ წარმოაჩინა დომინანტური თემატური ბლოკები, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებებს, კიბერუსაფრთხოებას, ტრეფიკინგს, „ქურდულ მენტალიტეტთან“ ბრძოლას, ფემიციდსა და ძალადობას, ბავშვთა უფლებებს, შრომის უსაფრთხოებასა და კორუფციას.

კვლევის შედეგად დადგინდა სამართლებრივი თემატიკის სოციალური რეკლამების მრავალფუნქციური როლი - საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გამაფრთხილებელი, პრევენციული. კომპლექსური სამართლებრივი შინაარსის ადეკვატური რეპრეზენტაციისთვის ვიდეორგოლების ვიზუალური რიგი დაკომპლექტებულია შესაბამისი თვალსაჩინეობით, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის გრაფიკულ-ანიმაციური, დოკუმენტური თუ მხატვრული ღირებულების მატარებელ სატელევიზიო პროდუქტს.

კვლევის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი გამოწვევები: ნაკლებად ავთენტური და რეალობისგან მოწყვეტილი დადგმული სცენები; სტატისტიკური არგუმენტაციის დეფიციტი; შემზღუდველი ნარატიული ჩარჩოები და სამიზნე აუდიტორიის არასაკმარისი დივერსიფიკაცია.

კვლევა ადასტურებს, რომ სამართლებრივი თემატიკის სოციალური რეკლამა მნიშვნელოვანი მედიაპლატფორმაა. ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ იგი დიდი პოტენციალის მქონე მექანიზმია სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ქცევითი მოდელების ტრანსფორმაციისთვის, მიუხედავად ამისა, მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის შინაარსობრივი და აუდიოვიზუალური მახასიათებლების გაუმჯობესება არსებით წინაპირობად გვესახება.

 

საკვანძო სიტყვები: სოციალური რეკლამა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სამართალი, ადამიანის უფლებები, საქართველო

DOI: https://doi.org/10.55367/ZYGG3066  

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი