ავტორი : ვახტანგ მაისაია, გელა გიორგაძე, მირანდა მიქაძე 24/12/2024
გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების პარალელურად, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციებმა და ამოცანებმა. აღსანიშნავია, ევროკავშირის გადამწყვეტი როლი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.
21-ე საუკუნეში საერთაშორისო აქტორები ცვლიან პოლიტიკურ მიდგომებს საქართველოსთან მიმართებით, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე. პოლიტიკური აქტორები ცდილობენ გაიმყარონ სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოზიციები და უზრუნველყონ გავლენის სფეროების გაფართოება.
არსებული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, აღსანიშნავია კასპიის ენერგორესურსების მნიშვნელობის ზრდა, რაც საქართველოს საინტერესო პარტნიორად აქცევს რეგიონში. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება და ღირსეული ადგილის დაკავება სტრატეგიულ და პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს.
სტატიას გააჩნია სამი მიზანი: პირველი - ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განსაზღვრა, მეორე - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკის ანალიზი და მესამე - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის თანამედროვე გამოწვევების წარმოჩენა.
სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორიის თანახმად, ინდივიდის ცნობიერება და გამოცდილება ყალიბდება მათი ცოდნითა და მოვლენების შეფასებით. ზემოაღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, შემუშავდა საკვლევი კითხვა: რა როლი ეკისრება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ?
სტატიის მიზანია ევროკავშირის პოლიტიკისა და საქართველოს გეოპოლიტიკური კონტექსტის შესწავლა. თემის სიღრმისეულად შესწავლისათვის გამოყენებულ იქნა რიჩარდ კოენის კოლექტიური უსაფრთხოების თეორია, რომელიც აყალიბებს საერთაშორისო უსაფრთხოების ორ ძირითად კონცეფციას, კერძოდ:
კოლექტიური თავდაცვა;
ინდივიდუალური უსაფრთხოება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გლობალური სტაბილურობის შენარჩუნება აუცილებელია განხილულ იქნეს, როგორც უსაფრთხოების პარადიგმის ფუნდამენტური ასპექტი.
დასახული მიზნის მისაღწევად სტატია დაყოფილია ხუთ ნაწილად. პირველ ნაწილში მოცემულია ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული გამოწვევების მიმოხილვა, ასევე, პოტენციური უპირატესობებისა და უარყოფითი მხარეების ანალიზი, ხოლო მომდევნო ნაწილებში წარმოდგენილია საქართველოს გეოპოლიტიკური კონტექსტის ანალიზი.