რეკლამის განვითარების ეტაპები პოსტერებიდან აუდიოვიზუალურ გამოსახულებამდე (სოციალური და კომერციული რეკლამების ისტორიული ანალიზი)

ავტორი : ნინო ჭალაგანიძე, სოსო გაზდელიანი 12/12/2024

თანამედროვე სამყარო რეკლამის გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. მისი საჭიროება ჯერ კიდევ უხსოვარ დროში გაჩნდა. რეკლამის მნიშვნელობის გააზრებას უძველეს ხანებში მივყავართ. ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ, როცა ინფორმაციას ქვებზე, თიხის, ხისა და სპილენძის ფირფიტებზე ათავსებდნენ, მაშინდელმა საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ პროდუქტის წარმატებული რეალიზებისთვის დამატებითი ძალა უნდა გამოეყენებინა. სწორედ ასე გაჩნდა პირველი სარეკლამო ჩანაწერები, რომლებიც ისტორიამ არქეოლოგიური გათხრების შედეგად შემოინახა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ უძველესი რეკლამები არა მარტო კომერციულ, არამედ პოლიტიკურ მიზნებსაც ემსახურებოდა. სოციალური რეკლამა კი გასული საუკუნის პროსოციალური პროექტია. რეკლამის დიდ „ოჯახში“ სოციალურ მიმართულებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მისი მიზანი, კომერციული რეკლამისგან განსხვავებით, არა პროდუქტის, არამედ სოციალური ქცევის „გაყიდვაა“, რომელსაც, ჯამში, საზოგადოებისთვის სასიკეთო შედეგები მოაქვს. მედიის ინსტიტუციური განვითარების პარალელურად, რეკლამაც (კომერციული, სოციალური, პოლიტიკური) მულტიმედიურ პროდუქტად ჩამოყალიბდა. ის ციფრულ პლატფორმებს მარტივად მოერგო, რადგან ამ დროისთვის უკვე ყველა წინაპირობა არსებობდა. წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს, ისტორიული ანალიზის მეთოდის გამოყენებით, შეკრიბოს/გაანალიზოს/მიმოიხილოს რეკლამის უძველესი ფორმები და განსაზღვროს მისი განვითარების ეტაპები უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე. ამასთან, ტექნოლოგიური დეტრემინიზმის კონცეფციის კონტექსტში, წარმოაჩინოს თემის თეორიული საფუძვლები. რეკლამამ, განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, მნიშვნელოვანი გარდაქმნები განიცადა და სახეცვლილი ფორმით თანამედროვეობამდე მოაღწია. სოციალური რეკლამა, მისი კომერციული ვარიანტის მსგავსად, მედიის ინსტიტუციური განვითარების ფეხდაფეხ, მულტიმედიურ პროდუქტად ყალიბდებოდა.
PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი