კლასიკური თოქ-შოუს ძიებაში: შემეცნებითი და გასართობი თოქ-შოუების ფუნქციური და სტრუქტურული ასპექტები "დღის კოდისა" და "ეკა ხოფერიას შოუს" მაგალითზე

ავტორი : მარიამ ქარჩავა 12/12/2024

წინამდებარე სტატია კვლევის თვისებრივ მეთოდებზე დაყრდნობით შეისწავლის და აანალიზებს ქართული სატელევიზიო სივრცის ორი თოქ-შოუს ჟანრულ მახასიათებლებს იმის დასადგენად, თუ როგორ ერგება აღნიშნული ჟანრი ორი განსხვავებული ფუნქციის - გართობისა და შემეცნების – რეალიზებას, როგორ იყენებენ ქართული სატელევიზიო შოუს წამყვანები ჟანრის ავთენტურ ნიშან-თვისებებს ისეთი თემის რეპრეზენტირებისას, რომელიც მრავალმხრივ ხედვას მოითხოვს. ქართული სატელევიზიო მედია მიმართავს სხვადასხვა მექანიზმს აუდიტორიის გასაფართოებლად და საკუთარი შემოქმედებითი პროდუქტის მიმართ ინტერესის შესანარჩუნებლად. გლობალიზებულ მედიასამყაროში ქართულმა სატელევიზიო ჟურნალისტიკამ 90-იანი წლების ბოლოდან ამერიკული მედიიდან „ისესხა“, შემდგომ განავითარა და საკუთარ აუდიტორიას მოარგო სატელევიზიო შოუს რამდენიმე ჟანრი. ერთ-ერთი ასეთი ჟანრია თოქ-შოუ, რომელიც ყველა სამაუწყებლო კომპანიის ბადეში იკავებს ადგილს. საქართველოში თოქ-შოუების გამოჩენის გარიჟრაჟზე მიიჩნეოდა, რომ პრაიმტაიმში თოქ-შოუს განთავსება ხარისხიან მუწყებლობას უდრიდა და ასევე არსებობდა მოსაზრება, რომ ყველაზე მოთხოვნადი პერსონა იმდროინდელ ტელემედიაში სწორედ საღამოს თოქ-შოუს წამყვანი იყო, მიუხედავად ამ წარმოდგენებისა დღეს, სატელევიზიო არხების ყურებადობის რეიტინგი იკლებს, რის ერთ-ერთ მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს ქართული თოქ-შოუების ხარისხი. გადაცემების შერჩევის სპექტრის დავიწროვების მიზნით მოძიებულ იქნა ორი ტიპის ყველაზე პოპულარული თემატიკის თოქ-შოუ საქართველოში – რეკრეაციული და შემეცნებითი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტელევიზიებში შოუების საკმაოდ დიდი არჩევანია, კლასიკური თოქ-შოუს ჟანრის გადაცემების რაოდენობა მწირია და მათი უმეტესობა ჩემს სადისერტაციო ნაშრომშია მოხსენიებული. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აღნიშნული კვლევისთვის მოვიძიე ახლო წარსულში ჩაშვებული სატელევიზიო პროექტები: • “ეკა ხოფერიას თოქ-შოუ“, რომელიც ატარებდა რეკრეაციული მიმართულების გადაცემის ნიშნებს და დიდი პოპულარულობით სარგებლობდა ტელეარხზე „იმედი“; • „დღის კოდი”, რომელიც ატარებდა შემეცნებითი მიმართულების გადაცემის ნიშნებს და დიდი პოპულარულობით სარგებლობდა ტელეარხზე „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ნაშრომი „დღის კოდისა“ და ეკა ხოფერიას გადაცემების შედარებას დაეფუძნა. ძირითად საკვლევ ინსტრუმენტს კრიტიკული სტრუქტურული მონიტორინგი წარმოადგენს. ემპირიული მონაცემების განხილვას წინ უძღვის თეორიული ნაწილი, რომელშიც სატელევიზიო გადაცემების ჟანრობრივი სპექტრი, კერძოდ, თოქ-შოუს სპეციფიკა და მიმართულებებია აღწერილი. ორივე გადაცემის სტრუქტურული მონიტორინგი მოიცავს ფორმატულ და კომპოზიციურ ელემენტებს: მოწვეული სტუმრების შერჩევის პრინციპებს, დიალოგის წარმართვის, პრობლემური თემის საინტერესოდ გადმოცემის დეტალებს. აღნიშნული შესწავლის კრიტერიუმები საფუძვლად დაედო იმის დადგენას, თუ რამდენად ხარისხიანი თოქ-შოუები გადის ქართულ ტელევიზიაში. ორივე ტიპის ქართული გადაცემის ანალიზისას და დასავლურ კლასიკურ თოქ-შოუებთან შედარებისას გამოიკვეთა, რომ თოქ-შოუს მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის საჭირო გარკვეული პარამეტრები დაკმაყოფილებული არ არის. გამომჟღავნდა ოქროს შუალედის არარსებობა თოქ-შოუს შინაარსისა და ფორმის ჩამოყალიბებაში, რასაც მივყავართ სატელევიზიო პროდუქტის მიმართ ინტერესის კლებასთან.
PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი