ავტორი : ნინო ჭალაგანიძე, ნათია ფოფხაძე 10/12/2024
წინამდებარე კვლევითი ნაშრომი მიზნად ისახავს თანამედროვე მსოფლიოს მედიატრენდთან - ავტომატიზებულ ჟურნალისტიკასთან მიმართებით, ქართული მედიაინდუსტრიის განვითარების მდგომარეობის შესწავლას, საინფორმაციო სააგენტოების მაგალითზე.
ნაშრომის საკვლევ საკითხს წარმოადგენს მსოფლიო მედიაინდუსტრიაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემების პრაქტიკის მოძიება და აღნიშნულთან მიმართებით ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ მედიაწარმოებაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკის შეფასება. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ შეცვალა მედიამოხმარება ინფორმაციის გავრცელების სიჩქარისა თუ არხების მრავალფეროვნების, ასევე, მომხმარებელთა მიერ კონტენტის შექმნის შესაძლებლობის გაჩენით, განვითარებაში ჩამორჩენამ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მომავალში საინფორმაციო სააგენტოს მთავარი დანიშნულება და მისი განვითარების ტრაექტორია.
განხორციელებული კვლევა საინფორმაციო სააგენტოების ავტომატიზაციის შესახებ, იძლევა სურათს და ახდენს იმ პრობლემების იდენტიფიცირებას, რაც განსაზღვრავს მათ საქმიანობაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მასშტაბს, რის საფუძველს, თავის მხრივ, წარმოადგენს ქართულ ენობრივი მოდელები ან/და მედიის წარმომადგენელთა კომპეტენცია. კვლევით არ დადასტურდა კომპეტენციის პრობლემის არსებობა, თუმცა, ცალსახად გამოიკვეთა, რომ ენობრივი ბარიერის, კერძოდ, ქართული ენობრივი მოდელების დაბალი ხარისხის მიზეზით საინფორმაციო სააგენტოების მიერ საქმიანობაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პრაქტიკულად არ ხდება.