ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო მხარდაჭერა საქართველოში, გამოწვევები და შესაძლებლობები

ავტორი : ეკატერინე აღამანაშვილი 03/08/2024

მცირე და საშუალო საწარმოები ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ბერკეტია. ისინი წარმოადგენენ ქვეყნის დასაქმებისა და შემოსავლების უმთავრეს წყაროს ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის. სწორედ ამიტომ მეწარმეობის ხელშეწყობა და განვითარება ნებისმიერი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია. საწარმოების გრძელვადიანი და მდგრადი წარმატების უპირობო საფუძველს ქმნის მუდმივი ინოვაციის დანერგვა. ინოვაცია კი საჭიროებს ტექნოლოგიურ სრულყოფას და განახლებას და შესაბამისად, ფინანსურ რესურსებს. ბიზნესს კი ხშირ შემთხვევაში არ ჰყოფნის შიდა რესურსები სიახლეების დასანერგად და წარმოების გასაზრდელად. საწარმოების ფინანსურ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნისათვის. ნაშრომი მიზნად ისახავს საქართველოში მეწარმეობის სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის არსებული მექანიზმების შესწავლას, მათი ეფექტურობის დადგენას, პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენასა და ფინანსური რესურსების წვდომის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავებას. კვლევის პროცესში გამოყენებულია როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მეცნიერების ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციებში გამოქვეყნებული სტატიები, საერთაშორისო ინსტიტუტების, ავტორიტეტული ორგანიზაციების სამთავრობო ანგარიშები, კვლევები და სტატისტიკური მონაცემები. კვლევის მეთოდად გამოყენებულია ანალიზისა და სინთეზის მეთოდები, მათ შორის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი. ნაშრომში გამოვლენილია ის ძირითადი პრობლემები, რაც ბარიერებად ევლინება ქართველ მეწარმეებს ფინანსური მხარდაჭერის მიღებაში და შემუშავებულია კონკრეტული რეკომენდაციები მათ გადასაჭრელად. ნაშრომი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოში მიმდინარე ეტაპზე, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რეფორმებისა, ფინანსური რესურსების წყაროს მოძიება კვლავ პრობლემად რჩება. ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებისას საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს და სიღრმისეულად იყოს გამოკვლეული მეწარმეთა საჭიროებები. მოცემული ხელს შეუწყობს საგრანტო პროექტებისა და სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობის ზრდასა და ბიზნესის განვითარებას. ფინანსებზე სათანადო ხელმისაწვდომობა კი გააუმჯობესებს მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. Article DOI: https://doi.org/10.55367/AAFA7111
PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი