ტრანსნაციონალური ფინანსური თაღლითობა და კრიპტოაქტივები: იურისდიქციის პრობლემები საერთაშორისო სისხლის სამართალში

ავტორი : თამთა წირქვაძე 26/11/2026

ციფრული სამყაროს ეპოქაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიების საკითხი, ვინაიდან კრიპტოაქტივებზე დაფუძნებულმა ეკოსისტემამ მნიშვნელოვნად შეცვალა აღნიშნული დანაშაულების ბუნება და იურისდიქციული ლოგიკა. ნაშრომის მიზანია გააანალიზოს, თუ რამდენად ეფექტურად პასუხობს კრიპტო-თაღლითობებს საერთაშორისო სისხლის სამართლის მოქმედი დოქტრინა (ტერიტორიულობა, მოქალაქეობის პრინციპები, ეფექტის დოქტრინა) და რა რეფორმებია საჭირო სამართლებრივი სისტემის ტექნოლოგიურ გამოწვევებთან ადაპტაციისათვის.

ნაშრომში გამოყენებულია დოქტრინალური, შედარებით-სამართლებრივი და პრაქტიკული ანალიზის კვლევის მეთოდები. განხილულია ისეთი  საერთაშორისო ინსტრუმენტები, როგორებიცაა ბუდაპეშტის კონვენცია, FATF სტანდარტები, MiCA რეგულაცია, ასევე საქართველოში მოქმედი სამართლებრივი და ინსტიტუციური პრაქტიკა. გაანალიზებულია კრიპტო-თაღლითობის ტიპოლოგია, გამოყენებულია იურისდიქციული კავშირების რუკირების მეთოდი და შეფასებულია ჰიბრიდული მტკიცებულებითი მოდელი (on-chain/off-chain).

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ კრიპტოაქტივების გამოყენებით ჩადენილი ტრანსნაციონალური ფინანსური თაღლითობა წარმოადგენს „დეცენტრალიზებული დანაშაულის“ მოდელს, სადაც ირღვევა კლასიკური ტერიტორიული იურისდიქციის ლოგიკა და  ქმედების, შედეგისა და კონტროლის ელემენტები ნაწილდება სხვადასხვა ქვეყნის იურისდიქციაში. ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვნად ართულებს დანაშაულზე ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას. ტრადიციული ტერიტორიული იურისდიქციის მოდელი სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს ვერც მტკიცებულებების მოპოვებას და ვერც კრიპტო აქტივების გაყინვას, ხოლო საერთაშორისო თანამშრომლობის არსებული მექანიზმები (MLA), არ არის იმდენად დახვეწილი, რომ  უპასუხოს  ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მუშაობის სისწრაფეს.

ნაშრომში, სისხლის სამართლებრივი პერსპექტივიდან გაანალიზებულია ის, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ტერიტორიული განსჯადობა ტრანსნაციონალური კრიპტო-თაღლითობების დროს და რა რეფორმებია საჭირო ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად, ისე, რომ არ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტრი უფლებები. კრიპტო დანაშაულებზე ეფექტური რეაგირება საჭიროებს „ციფრული ტერიტორიულობის“ დანერგვას, რომელიც იურისდიქციის განსაზღვრისას უპირატესობას მიანიჭებს იმ ქვეყნის იურისდიქციის გამოყენებას, რომელსაც მეტად აქვს მტკიცებულებებზე წვდომის, აქტივების კონტროლისა და სხვა პროცესუალური მექანიზმების გამოყენების საშუალება.

საკვანძო სიტყვები: კრიპტოაქტივები, ბლოკჩეინი, ტრანსნაციონალური ფინანსური თაღლითობა, ტერიტორიული განსჯადობა, იურისდიქციის კონფლიქტები.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/IYEO2695

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი