ევროპის სასიგნალო ზღვარი: კაბელები, სასამართლოები და საინფორმაციო ნაკადები რუსეთის ჰიბრიდულ შეტევაში

ავტორი : ირინა ცუკერმანი 26/11/2026

ევროპა სულ უფრო მეტად ექცევა სინქრონიზებული ჰიბრიდული კამპანიების ზემოქმედების ქვეშ, რომლებშიც ფიზიკური დივერსია, სამართლებრივი ზეწოლა და საინფორმაციო მანიპულაცია ერთიანი სისტემის სახით მოქმედებს. არსებული კვლევები კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებაში ჩარევას, სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენებასა და დეზინფორმაციას ძირითადად ცალკეულ მოვლენებად განიხილავს, თუმცა ნაკლები ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორ ხდება ამ სფეროების მიზანმიმართული კოორდინაცია დროისა და მიღწეული ეფექტის მიხედვით. წინამდებარე სტატია ამ პრობლემას ჰიბრიდული იძულების შესახებ არსებული ფართო სამეცნიერო ლიტერატურის კონტექსტში განიხილავს და ყურადღებას ამახვილებს კვლევით ხარვეზზე, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა სფეროს შორის სინქრონიზაციასა და მის კუმულაციურ გავლენას მმართველობაზე, ეკონომიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების მიერ წესებისა და ინსტიტუციური მოთხოვნების დაცვაზე.

მასალები და მეთოდები. კვლევა იყენებს თვისებრივ, სფეროთაშორის ანალიტიკურ მიდგომას. იგი სისტემურად აჯგუფებს და აანალიზებს ზღვის ფსკერზე განთავსებული კაბელების ფუნქციონირებაში ჩარევის, სარკინიგზო და ელექტროენერგეტიკული ქსელების შეფერხების, GPS სიგნალების გაყალბებისა და ტერიტორიების „ბორდერიზაციის“ შემთხვევებს, აგრეთვე სტრატეგიული სამართალწარმოების პრაქტიკას საინვესტიციო არბიტრაჟში, საზღვაო დავებში, ადამიანის უფლებათა დაცვის ფორუმებსა და სანქციების რეჟიმების გასაჩივრების პროცესებში. აღნიშნული მონაცემების შეჯერება ხდება ციფრულ პლატფორმებსა და სამაუწყებლო საინფორმაციო სივრცეში წარმოებული საინფორმაციო ოპერაციების სტრუქტურირებულ ანალიზთან, განსაკუთრებული ყურადღებით ენერგეტიკული კრიზისებისა და ექსტრემალური ამინდის პერიოდებზე. საქართველო განხილულია, როგორც მოწინავე შემთხვევა, რომელიც ადრეული მოდელების ფორმირებისა და მათი დასავლეთის მიმართულებით გავრცელების მიკვლევის შესაძლებლობას იძლევა. სტატია ანალიტიკურ ჩარჩოში ჩინეთსაც აერთიანებს, როგორც სტრატეგიულ ხელშემწყობ აქტორს და არა უშუალო ოპერატიულ მონაწილეს. კვლევა განიხილავს, თუ როგორ ურთიერთქმედებს ჩინეთთან დაკავშირებული ნარატივები, ეკონომიკური ურთიერთობები, ტექნოლოგიური დამოკიდებულებები და დიპლომატიური პოზიციონირება რუსეთის იძულებით მოქმედებებთან და როგორ ზემოქმედებს ეს ურთიერთქმედება ევროპული ინსტიტუტების რეაგირებაზე.

შედეგები. ანალიზი აჩვენებს, რომ ფიზიკური ჩარევა, სამართალწარმოებასთან დაკავშირებული აქტივობა და საინფორმაციო ოპერაციები ხშირად სინქრონიზებულად ხორციელდება და არა ცალკეული, ეპიზოდური მოქმედებების სახით. ეს მოქმედებები ერთმანეთს აძლიერებს გაურკვევლობის ზრდის, ადმინისტრაციული დატვირთვისა და ინსტიტუციური ყოყმანის გაძლიერების გზით. გამოვლენილი კომპლექსური შედეგები მოიცავს სადაზღვევო პრემიების ზრდას, შესყიდვების შეფერხებას, რეგულაციებთან დაკავშირებული რისკების მიმართ ინსტიტუციური სიფრთხილის ზრდასა და კრიზისების დროს საზოგადოების მიერ წესებისა და ინსტიტუციური მოთხოვნების დაცვის შემცირებას, მათ შორის ღია სამხედრო ესკალაციის გარეშეც.

დასკვნები. სტატიის თანახმად, ასეთ გარემოში ეფექტიანი შეკავება დამოკიდებულია სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოების ოპერატიულ ინსტრუმენტებად გარდაქმნაზე. კვლევა გვთავაზობს სამართლებრივ-ოპერატიულ სამოქმედო მოდელს, რომელიც სწრაფ ექსპერტიზასა და ერთობლივ ატრიბუციას აკავშირებს რეაგირების ზღვრებთან, გამჭვირვალობის გაძლიერებასთან, კრიზისულ კომუნიკაციებთან და შუამავალი ხელშემწყობი აქტორების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ზომებთან. საქართველო წარმოჩნდება ადრეული გაფრთხილების ფლანგად, რომლის გამოცდილებაც აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შეკავება გახდეს შემოწმებადი და პროცედურულად განსაზღვრული და არა მხოლოდ დეკლარაციული. ოპერატიული ავტორობისა და სტრატეგიული ხელშეწყობის ერთმანეთისგან გამიჯვნით, კვლევა აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ გარე აქტორებს ჰიბრიდული იძულების ირიბად გაძლიერება ნარატივების თანხვედრის, სანქციების შედეგების შერბილების ხელშეწყობისა და ისეთი დამოკიდებულებების შექმნის გზით, რომლებიც სამიზნე სახელმწიფოების მოწყვლადობას ზრდის.

ევროპის საგანგაშო ზღვარი: კაბელები, სასამართლოები და საინფორმაციო არხები რუსეთის ჰიბრიდულ შეტევაში.

საკვანძო სიტყვები: ჰიბრიდული საფრთხეები, სამართლებრივი ომი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობა, დეზინფორმაციული ეკოსისტემები, შავი ზღვის რეგიონი.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/ILYI5249

 

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი