როდის ხდება პერსონალური მონაცემები კიბეროპერაციების სამიზნე: ახალი გამოწვევა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისთვის?

ავტორი : გურამ ღვინჯილია 26/11/2026

საერთაშორისო სამართალი, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, უზრუნველყოფს არამკაფიო და შეზღუდულ ჩარჩოს პირადი მონაცემების დაცვისათვის შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელებული კიბეროპერაციების კონტექსტში. ნაშრომი განიხილავს პირადი მონაცემების სამართლებრივ სტატუსს საერთაშორისო კიბეროპერაციებში და აფასებს, შესაძლებელია თუ არა სამოქალაქო მონაცემების წინააღმდეგ მიმართული კიბერაქტივობები მოექცეს საერთაშორისო ჰუმანიტარული და საერთაშორისო სისხლის სამართლის მოქმედი რეჟიმების ფარგლებში. ნაშრომში არგუმენტირებულია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებების მიღებისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ჩამოყალიბების პერიოდში ელექტრონულად შენახული პირადი მონაცემები არ იყო მოაზრებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიერ დაცულ ობიექტებად. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი მიდგომები სულ უფრო მეტად უჭერს მხარს კომპიუტერული მონაცემების „ობიექტად“ ან „საკუთრებად“ დახასიათებას, სახელმწიფო პრაქტიკა კვლავაც არაერთგვაროვანია. ნაშრომი ასევე აფასებს, მონაცემების წინააღმდეგ მიმართული კიბეროპერაციების სამართლებრივ სტატუსს და მის განმარტებასთან დაკავშირებულ სირთულეებს. დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ მშვიდობიან პერიოდში მოქმედი მონაცემთა დაცვის სტანდარტების უპირობო გავრცელება შეიარაღებულ კონფლიქტზე შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჰუმანიტარულ მიზნებს.

საკვანძო სიტყვები: რომის სტატუტი, შეიარაღებული კონფლიქტი, კომპიუტერული მონაცემები, მონაცემების დაცვა.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/EZBF7454

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი