დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების არსებობის გაგრძელების საშუალებები და აღსრულების მექანიზმები
ავტორი : გრიგოლი ახალაია, როინ მიგრიაული 23/10/2026
წინამდებარე სტატია იკვლევს სამეწარმეო სამართლის დოქტრინისთვის, თვისობრივად, იმდაგვარ საყურადღებო საკითხს, როგორიც გახლავთ დაშლილ სამეწარმეო საზოგადოებათა არსებობის გაგრძელების საშუალებების იდენტიფიცირება და აღნიშნულის საპირწონედ პრაქტიკაში მათი იმპლემენტაცია. კვლევის მიზანია დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების არსებობის გაგრძელების საშუალებებისა და აღსრულების მექანიზმების დეტალური შესწავლა, როგორც სამეწარმეო-სამართლებრივი, ისე პრაქტიკის პრობლემური ფონის გამორკვევის საფუძველზე. საკვლევი საკითხის მრავალმხრივი და სიღრმისეული გამოკვლევისთვის კვლევაში გამოყენებულია კვლევის შემდეგი მეთოდები: თვისობრივი ანალიზი - თვისობრივი კვლევის მეთოდი, ისტორიული მეთოდი, სიტუაციის ანალიზის მეთოდი - Case-study, მონაცემთა ანალიზი : ანალიტიკურ-სინთეზური მეთოდი, კომპარატივიზმი და კომპარატივისტიკა, დედუქციის და ინდუქციის მეთოდი, აღწერილობითი კვლევის მეთოდი, ნორმის განმარტების ტელეოლოგიური და სიტყვასიტყვითი განმარტების მეთოდები.
კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ სამეწარმეო სამართლის დოქტრინა, საკანონმდებლო რეგულირების დონეზე, ავითარებს მსჯელობას დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების (მაგ: დაშლილი შპს-ის) არსებობის გაგრძელების საშუალებებსა თუ მექანიზმებზე. თუმცა, თუ ჩავუღრმავდებით აღნიშნული საკითხის რაობას, ვნახავთ, რომ მსგავსი სახის საშუალება თუ მექანიზმი არ არის საკმარისი ბერკეტი, რათა შემთხვევათა უმეტესი ნაწილიდან, დაშლილმა სამეწარმეო საზოგადოებებმა განაგრძონ არსებობა. საუბარია არა არსებული საშუალებებისა თუ მექანიზმის ეფექტიანობაზე, არამედ მათ ‘’სიმრავლეზე’’. რამდენად უხვად არის მექანიზმთა ის რაოდენობა, რომელთაც ძალუძთ დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების კრიზისულ სიტუაციასთან დაპირისპირება და აქტიური ფაზისკენ დაშლილი სამეწარმეო საზოგადოებათა გადანაცვლების ხელშეწყობა?
კვლევის შედეგებში გამოიკვეთა არაერთი არსებითად მნიშვნელოვანი პრობლემა, მაგალითად ის რომ უკვე არსებული მექანიზმით დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების არსებობის გაგრძელება, რიგ შემხვევებში, შეუძლებელია და ერთგვარად ჩიხში შემყვანია. საკუთრივ, პრობლემას წარმოადგენს დაშლილ სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა პარტნიორის ჩართულობის უზრუნველყოფა, რომლითაც უნდა გადაწყდეს საკითხი - დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების არსებობის გაგრძელებისა.
შეიძლება ითქვას, გარდა აღნიშნული სახის სამეწარმეოსამართლებრივი პრობლემისა, აქვე თავს იჩენს ზოგადი სამართლის პრინციპებთან შეუთავსებელი მოცემულობებიც. კერძოდ, კანონმდებლობით შემოთავაზებული მექანიზმით : პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების არსებობის გაგრძელების მექანიზმით სარგებლობისას, მაქსიმალურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების ყველა პარტნიორის მიმართ სამართლიანი მოპყრობისა, კანონის წინაშე თანასწორობისა და ნების თავისუფლების პრინციპებთან თანხვედრა.
საკვანძო სიტყვები: თანასწორობა, გადაწყვეტილება, არსებობის გაგრძელება, საშუალება, დაშლილი სამეწარმეო საზოგადოება.
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/AYZS2552