სინდიცირებული საბანკო გარანტიების სამართლებრივი რეჟიმი
ავტორი : თამარ გოგოლაშვილი 30/09/2026
შესავალი. სინდიცირებული საბანკო გარანტიები თანამედროვე საერთაშორისო საფინანსო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება მსხვილი ინფრასტრუქტურული, საინვესტიციო და სავაჭრო პროექტების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ინსტიტუტი ბანკებს საშუალებას აძლევს, ერთობლივად გაანაწილონ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული რისკები და უზრუნველყონ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომელთა დამოუკიდებლად აღება ერთი ფინანსური ინსტიტუტისთვის რთულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს სინდიცირებული საბანკო გარანტიის სპეციალურ რეგულირებას, რის გამოც საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.
მეთოდები. კვლევა ეფუძნება ნორმატიულ-დოგმატურ, შედარებით-სამართლებრივ, სისტემურ და ფუნქციურ ანალიზს. შესწავლილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საბანკო გარანტიის მარეგულირებელი ნორმები, ICC-ის უნიფიცირებული წესები მოთხოვნამდე გარანტიებზე (URDG 758), საერთაშორისო დოქტრინა, ICC-ის საბანკო კომისიის განმარტებები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკა. კვლევის ფარგლებში გამოყენებულია ასევე სამართლებრივი ანალოგიის მეთოდი.
შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ სინდიცირებული საბანკო გარანტიის როგორც ერთობლივი (joint), ისე ცალ-ცალკე (several) მოდელები პრინციპულად თავსებადია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედ ნორმებთან. დადგინდა, რომ გარანტიის დამოუკიდებლობის პრინციპი მრავალბანკიან კონტექსტშიც ინარჩუნებს ფუნდამენტურ მნიშვნელობას, ხოლო რეგრესის უფლება წარმოადგენს სინდიცირებული გარანტიის სამართლებრივი სტრუქტურის ცენტრალურ მექანიზმს.
დასკვნები. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე შესაძლებელს ხდის სინდიცირებული საბანკო გარანტიების გამოყენებას, თუმცა არ უზრუნველყოფს აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვან და პროგნოზირებად რეგულირებას. მიზანშეწონილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში სპეციალური ნორმების შემოღება, რომლებიც განსაზღვრავს სინდიცირებული გარანტიის ცნებას, ძირითად მოდელებს, აგენტი ბანკის სტატუსს, მონაწილე ბანკების უფლებებსა და ვალდებულებებს, აგრეთვე რეგრესისა და შიდა ანგარიშსწორების მექანიზმებს.
საკვანძო სიტყვები: სინდიცირებული გარანტია, URDG 758, რეგრესის უფლება, აგენტი ბანკი, სოლიდარული ვალდებულება, საქართველო.
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/QWSY5304