ეკომიგრაციის მართვის საჯარო პოლიტიკა საქართველოში: რეაქტიული ადმინისტრირებიდან სტრატეგიულ მმართველობამდე

ავტორი : ინეზა ზოიძე, ირაკლი მანველიძე, ფატი ხალვაში 30/09/2026

წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საქართველოში ეკომიგრანტთა სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ-ინსტიტუციური ჩარჩოსა და სტრატეგიული ლოგიკის კრიტიკულ ანალიზს. საკითხის აქტუალობა განპირობებულია ეკოლოგიური ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი რისკების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდით, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ეკომიგრაცია სოციალური მოვლენიდან გარდაიქმნა საჯარო მმართველობით გამოწვევად. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეკომიგრაციის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები, ეკომიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუციური ინტეგრაციის, პრევენციული შესაძლებლობებისა და მისი გავლენის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე საკითხები აკადემიურ დისკურსში არასაკმარისად არის შესწავლილი.

საქართველოში ეკომიგრანტთა განსახლების სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბების მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება პოლიტიკის პრევენციული შესაძლებლობების, სოციალური ინტეგრაციის მექანიზმებისა და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ეფექტიანობა. კვლევის მიზანია საქართველოში ეკომიგრანტთა სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივი, ინსტიტუციური და სტრატეგიული საფუძვლების ანალიზი, მისი ეფექტიანობის შეფასება და სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებს პრევენციული და მდგრადი მმართველობის ფორმირებას. მიზნის მისაღწევად შეფასებულია სამართლებრივი ჩარჩო, პოლიტიკის რეაგირებითი და პრევენციული მახასიათებლები, ინსტიტუციური მოდელის გავლენა სოციალურ ინტეგრაციაზე, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები და სტრატეგიული დოკუმენტების განახლების საჭიროება.

კვლევა ეფუძნება ინსტიტუციურ ანალიზსა და საჯარო პოლიტიკის ციკლის მოდელს და იყენებს დოკუმენტებისა და შინაარსის ხარისხობრივ ანალიზს. ემპირიული ბაზა მოიცავს მინისტრის №779 ბრძანებას, 2014 წლის სტრატეგიულ პოლიტიკის დოკუმენტს, სამინისტროს 2025 წლის საანგარიშო მასალებსა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე მიღებულ ოფიციალურ მონაცემებს. შეფასება განხორციელდა შემუშავებული ანალიტიკური მატრიცის გამოყენებით, რომელიც აფასებს სტრატეგიულ ინტეგრაციას, ინსტიტუციურ კოორდინაციას, პრევენციულ შესაძლებლობებს, სოციალურ ინტეგრაციასა და მონიტორინგის მექანიზმებს.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ეკომიგრაციის პოლიტიკის ჩარჩო რეაქტიული და ინსტიტუციურად ფრაგმენტულია. იგი ორიენტირებულია სტიქიური მოვლენების შემდეგ განხორციელებულ განსახლებასა და ადმინისტრაციულ პროცედურებზე, მაშინ როდესაც სისტემური რისკების შეფასება, გრძელვადიანი ტერიტორიული დაგეგმვა და ეკომიგრანტთა ინტეგრაცია-ადაპტაცია სუსტად არის ინსტიტუციონალიზებული. მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები ადმინისტრაციული ხასიათისაა და ნაკლებად არის ორიენტირებული შედეგებზე.

კვლევის შედეგები წვლილს შეიტანს აკადემიურ დისკურსში ეკომიგრაციის რეინტერპრეტაციით: იგი განხილულია არა მხოლოდ სოციალური დაცვის ინსტრუმენტად, არამედ საჯარო მმართველობის კომპლექსურ პოლიტიკურ სფეროდ. კვლევაში წარმოდგენილი ინსტიტუციური შეფასების ოპერაციული ჩარჩო, რომელიც რელევანტურია როგორც საქართველოს, ისე სხვა გარდამავალი სისტემების კონტექსტისთვის, პოლიტიკის აღწერით ანალიზს სისტემურ-ინსტიტუციურ პერსპექტივაში გადაიყვანს.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, საჯარო პოლიტიკა, განსახლების პოლიტიკა, ეკომიგრაცია, გარემოსდაცვითი რისკები, სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობა /უსაფრთხოება.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/MYZD8315  

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი