დასავლეთის ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: ეფექტიანობა და მეორეული სანქციების აუცილებლობა
ავტორი : დავით ოსეფაშვილი 23/07/2026
აკადემიური ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე, წინამდებარე კვლევა შეისწავლის დასავლეთის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2022–2025 წლების პერიოდში დაწესებული ეკონომიკური სანქციების სტრუქტურულ ეფექტიანობას, გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში. კვლევაში გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდები, დოკუმენტური და შედარებითი ანალიზი. ანალიზი სპეციფიკურად ეყრდნობა საერთაშორისო ფინანსური და ენერგეტიკული ინსტიტუტების (IMF, World Bank, IEA) ემპირიულ მონაცემებსა და ანგარიშებს, რომელთა საფუძველზეც ხდება პოლიტიკის ეფექტიანობის ოპერაციონალიზაცია ოთხი ძირითადი არხით: ფინანსური ბლოკადა, სავაჭრო-ლოგისტიკური დივერსია, ენერგეტიკული ემბარგო და ტექნოლოგიური ექსპორტ-კონტროლი. კვლევის მთავარი მიგნებები აჩვენებს, რომ სანქციებმა მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის ინტეგრაცია დასავლურ ბაზრებთან, გაზარდა ტრანზაქციული ხარჯები და შექმნა კრიტიკული ტექნოლოგიური დეფიციტი. თუმცა, პარალელურად გაძლიერდა და ინსტიტუციონალიზდა სანქციების გვერდის ავლის ეკოსისტემა (ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“, რე-ექსპორტი მესამე ქვეყნებიდან, ალტერნატიული ფინანსური არხები). გლობალურმა ეკონომიკურმა შოკებმა, ენერგეტიკულმა და სასურსათო ინფლაციამ, გაზარდა პოლიტიკური ხარჯი, სანქციონერი სახელმწიფოებისთვის და შეასუსტა აღსრულების მექანიზმები გლობალური სამხრეთის მხრიდან გამოხატული ნეიტრალიტეტის გამო. კვლევა ასკვნის, რომ „არაეფექტიანობის“ საზოგადოებრივი შეფასება უმეტესწილად არასწორი, მაქსიმალისტური მოლოდინების შედეგია, რომლებიც მყისიერ მაკროეკონომიკურ კოლაფსს პროგნოზირებდნენ. რეალურად, სანქციები წარმოადგენს გრძელვადიანი სტრუქტურული შეზღუდვის და არა მყისიერი ქცევითი ცვლილების ინსტრუმენტს, ხოლო მათი ეფექტიანობის შემდგომი ზრდა კრიტიკულად მოითხოვს მეორეული სანქციების მკაცრ აღსრულებას.
საკვანძო სიტყვები: სანქციები, რუსეთი, გლობალური არასტაბილურობა, ენერგეტიკული ემბარგო, ექსპორტ-კონტროლი, ეკონომიკური იძულება.
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/GZXF6838